დიმიტრი ბიძინაშვილი – “კალაძის კორუფციულ საქმეებს “ოცნება” და ანტიკორუფციული სამსახური იძიებენ”

დიმიტრი ბიძინაშვილი - "კალაძის კორუფციულ საქმეებს "ოცნება" და ანტიკორუფციული სამსახური იძიებენ"“კალაძემ მეტროს გასარემონტებლად იქ თავისი ფეხბურთელი ძმაკაცები ჩაუშვა!”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს.
– დიმიტრი, ბოლო პერიოდში გვესმის შეფასებები, რომ თბილისის მერმა კახი კალაძემ საზოგადოებაში სერიოზული ნეგატივი დააგროვა. ის რამდენიმე დღეა, მედიასაც უტევს. საბოლოოდ დაკარგა სახეო. ასეა?
– კალაძეს ისედაც დაკარგული ჰქონდა სახე. უბრალოდ, იმ პიარით, რომელშიც ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავდა, რაღაცნაირად უნარჩუნებდნენ სახეს. კალაძე თავიდანვე იყო ერთი თავხედი ადამიანი, რომელიც ყველას ასე ექცეოდა, ვინც არ იყო მის აზრზე. ახლა ეს მედიაზე შეტევაც გამოწვეულია იმით, რომ გამუდმებით კალაძესა და მის კორუფციულ სქემებზე ტელევიზიებით გადის ინფორმაცია და ახლა ცდილობს, რამენაირად შეცვალოს ეს. მაგრამ ფაქტი ერთია, რაზეც ტელევიზიები, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საუბრობენ. მილიონობით ლარია დახარჯული ამა თუ იმ პროექტზე, ამ რეაბილიტაციის შემდეგ მიდიხარ, იქ განადგურებულია ყველაფერი და ჭაობი გხვდება. ამის ნახვა ხომ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია. გამოდის და ამბობს, რომ ფეიკნიუსია, თურმე ჩვენ შავ პიარს ვუგორებთ…
– სიცრუის ტირაჟირება მიდისო.
– კი, ასე ამბობს და ის 9 მილიონი, რომელიც ჩვენ დავხარჯეთ, სწორად დავხარჯეთ, ეგ სულ სხვა ავტოსადგომიაო. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მივიდეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ჩავიდეს ავტოსადგომში და ნახოს, რომ იქ მართლაც ჭაობია. ჩვენ ასევე გვახსოვს, მაგალითად, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, სადაც ჭერი ჩამოინგრა. ვნახეთ სხვადასხვა პროექტის რეაბილიტაცია, რომლებსაც წლები დასჭირდა.
– ჭავჭავაძის გამზირს დასჭირდა ორი წელი და საბოლოოდ მაინც ვერ დასრულდა…
– ორ-ნახევარკილომეტრიან ჭავჭავაძის გამზირს წლები დასჭირდა, რომ მისი რეაბილიტაცია მოეხდინათ და კიდევ არ არის დასრულებული. ხალხს ეუბნება, ცოტაც მაცადეთ და გავხსნიო. იგივე გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩები. იგივე, მაგალითად, დიღმის ჭალების დამარხვის ამბავი. ამ ყველაფერზე ეს კაცი ამბობს, ფეიკნიუსია და რეალურად არ ხდებაო. მაგრამ ხალხი ხომ ყოველდღე უყურებს იმას, რაზეც ამბობს კალაძე, არა, აქ ყველაფერი რიგზეაო. ვარკეთილელი რომ მივა ვარკეთილის მეტროში, ჭერს ახედავს და ის ჭერი რომ ჩამონგრეულია, კალაძის ლაივჩართვა უშველის ამას?!
– რა ხდება?
– არა მარტო ოპოზიცია იძიებს მის კორუფციულ საქმეებს, არამედ მისივე თანაგუნდელები და ანტიკორუფიული სამსახურიც. “ოცნების” შიგნით თავადვე ადასტურებენ, რომ კალაძეზე უამრავი კომპრომატი არსებობს და ძიება მიმდინარეობს.
– უკვე ძალიან ბევრი ავტოგოლი გაიტანა პოლიტიკურ კარში და ბიძინა ივანიშვილთან სერიოზულ დაპირისპირებაშიაო. თქვენ რა ინფორმაციები გაქვთ?
– კალაძე ყველანაირად ცდილობს, გისოსებს მიღმა არ მოხვდეს. თუმცა ამის ძალიან ბევრი მიზეზია. მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურს აქვს გამოძიება დაწყებული იმაზე, რომ მან ერთ ლარად თავის ძმაკაცს თბილისელების 16 მილიონი ლარის ქონება გაუფორმა და ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. დაკითხული არიან კონკრეტული ადამიანები, რასაც ადასტურებს სუსი. კალაძეზე არა მარტო ეს საქმე, არამედ უამრავი ასეთი საქმეა. ჩვენ ვეღარ ვხედავთ მის პირველ მოადგილეს, ხმალაძეს, რომელიც აქტიური იყო. რატომ ვერ ვხედავთ?! იმიტომ, რომ ეს კაცი უკვე გამზადებული იყო დასაჭერად კორუფციის გამო. ფაქტობრივად, მანქანაში ჩასმული გადმოსვა და გააქრო კალაძემ. ამდენი თვის განმავლობასი მისთვის თვალიც კი არავის მოუკრავს. რას ნიშნავდა ხმალაძის დაჭერა?!
– რას?
– მისი დაჭერა ნიშნავდა იმას, რომ ამ კორუფციულ სქემებს საბოლოოდ ხელს აწერდა კალაძე. როგორ წარმოგიდგენიათ, მისი პირველი მოადგილე იყო ჩართული და კალაძემ არაფერი იცოდა?! ეს ხომ არის ტყუილი?! ამიტომ თბილისელებმა უნდა იცოდნენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ის, რომ თბილისში ამდენი რამე ვერ კეთდება თავის დროზე, არის მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალი, რომ კალაძე შოულობს ფულს თბილისელების ხარჯზე. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ის პროექტები, რომლებსაც ის აკეთებს, არის უხარისხო, ხელმეორედ გასაკეთებელი, თუნდაც ავიღოთ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზა, სადაც 15 მილიონი დავხარჯეთ. გაიარონ ჩვენმა მოქალაქეებმა და ნახონ, ეს სათადარიგო გზა როგორ არის დანგრეული. გზა, რომელშიც 15 მილიონი გადაიხადეს თბილისელებმა! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეხმარებიან ფინანსურად, ის თანხები სწორად იყოს განკარგული. მაგალითად, ახლა 15 მილიონ ევროს გვაძლევენ მეტროს რეაბილიტაციისთვის, რომ იქ ძალოვანი კაბელი გამოიცვალოს. ამ დროს კი რა ხდება?!
– რა ხდება, აქაც კორუფციის ნიშნებია?
– კალაძემ თავისი ფეხბურთელი ძმაკაცები ჩაუშვა მეტროში და, დარწმუნებული ვარ, მეტროს პრობლემა ძალიან მალე დადგება დღის წესრიგში, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარ სახლში ნათურა არ აქვს გამოცვლილი, ჩაუშვეს მეტროში, რომ გამოცვალოს ძალოვანი კაბელი, იმ მეტროში, რის საშუალებითაც ჩვენი ასიათასობით მოქალაქე გადაადგილდება. კალაძეს კი ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ესეც არ იკმარა, ახლა ადგა და საკუთარი ინტერესებისთვის 30 მილიონს იხდის, რომ ჩამოიყვანოს ე.წ. მარშრუტკები. მილანში დარბის სულ და რომელი განვითარებული ქვეყნის დედაქალაქში ან ქალაქში უნახავს მას სამარშრუტო ტაქსები?! უნახავს, მილანში სამარშრუტო ტაქსი დადიოდეს?! ამ 30 მილიონს კი კომპანიის მაგივრად ჩვენი მოქალაქეები იხდიან.
– ეს ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები უნდა შეცვალოს ახლით?
– დიახ, ასეა. ამ ყვითელი “მარშრუტკების” ჩასანაცვლებლად თბილისელები იხდიან კერძო კომპანიის ფულს, 30 მილიონს. ეს კაცი, დედაქალაქის მერი, არის ბიუჯეტის ქურდი! თბილისელებს ჰპარავს ფულს! თბილისელების საჭიროებისთვის კი არ იხარჯება ჩვენი ბიუჯეტი, არამედ იხარჯება კალაძისა და მისი კლანის საკეთილდღეოდ. თქვენს მკითხველს ვეკითხები, გაიხსენონ პროექტი, რომელიც კალაძემ დაიწყო, დაასრულა თავის დროზე და რომ შემდგომ ამ პროექტს არ ჰქონოდა ხარვეზები.
– ანუ მიიჩნევთ, რომ კალაძე წარუმატებელი მერია?
– ამ კითხვაზე პასუხი არის ეგ. ვერ დამისახლებთ პროექტს, რომელიც მან დაიწყო და თავის დროზე წარმატებით დაასრულა, შემდეგ კი ამ პროექტს არ ჰქონოდა ხარვეზი და თავიდან გასაკეთებელი არ გამხდარიყო. ყველა მთავრობის სხდომაზე მუშტს აბრახუნებდა, სასწრაფოდ გამოასწორეთო. ცალი ხელით რომ მუშტს უბრახუნებს კომპანიას, მეორე ხელით მილიონობით ლარის ტენდერს აძლევს. “ჯეოგრუპი”, რომელმაც შემოვლითი გზის მშენებლობა ძალიან ცუდად შეასრულა და კალაძე სულ მუშტებს უბრახუნებდა, მეორე ხელით ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია სწორედ ამ კომპანიას მისცა! მერე უცებ აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ეს კომპანიები არიან ხოლმე არჩევნებზე კალაძის პირადი შემომწირველები.
– წარუმატებელი პროექტების გამო დაეძაბა კალაძეს ივანიშვილთან ურთიერთობა თუ იმის გამო, რომ მის გარეშე მოინდომა დიდი ფულის კეთება?
– კალაძეს თავის დროზე დიდი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა და ესეც იყო მათი ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი, ასევე, რა თქმა უნდა, ფულის შოვნა მოინდომა მის გარეშე. ივანიშვილის გარეშე ფულის შოვნა როგორ მთავრდება, ძალიან კარგად ვიცით. ამოყოფენ ხოლმე გისოსების მიღმა თავს… კალაძე არის ადამიანი, რომელიც ბევრს იპარავს, ბევრის მოპარვის საშუალება აქვს, თორემ “ქართულ ოცნებაში” თითქმის 90% კორუმპირებულია, თუმცა ისინი იმდენს არ იპარავენ, რამდენსაც კალაძე. წურბელებივით ასხედან ბიუჯეტს. სამ პროექტს ვერ დაასახელებენ ზედიზედ, რომლებიც წარმატებით განახორციელეს.
– კალაძეს სერიოზული პოლიტიკური ამბიციები ჰქონდაო. 2020-ის არჩევნებზე რამდენად შეიკვეცება მისი ამბიციები?
– თბილისის მაჟორიტარებიდან გამოჩნდება, რამხელა ამბიციები აქვს კალაძეს და რის უფლება მისცეს მას. ეს ადამიანები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში აღარ იქნებიან და ვეღარც იმ ადგილებს გადაინაწილებენ, რომლებიც დღეს აქვთ გადანაწილებული. დაახლოებით 30%-ის მანდატი რაც იქნება, აი, ეს ექნება “ქართულ ოცნებას”. 30%-ზე მეტს ოქტომბრის არჩევნებზე ვერ აიღებენ. ახლა ცდილობენ, ამ 30%-ის მანდატები გადაინაწილონ. ამ გადანაწილებაში, კალაძის გარდა, უამრავი სხვა პირია ჩართული. მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და გახარიას ინტერესებია. ვიმეორებ, ის გამოძიება, რომელიც სუსში მიმდინარეობს, კალაძისთვის საბედისწერო შეიძლება იყოს. ხვალვე შეუძლიათ, კალაძე თავის მოადგილესთან ერთად დააკავონ თბილისელების ქონების გაფლანგვისთვის.
– წინასაარჩევნოდ კალაძის მხრიდან მედიასაშუალებებზე თავდასხმა რამდენად მომგებიანია? ის ხომ “ოცნების” ერთ-ერთი სახეა.
– რა თქმა უნდა, წამგებიანია. კახი კალაძე ხომ უკვე დასრულებულია. მისი სახე ჩამოშლილია. თუ რამე სახე ჰქონდა შერჩენილი, მისმა გუშინდელმა ლაივმა საბოლოოდ ჩამოშალა. კალაძეს მინდა შევახსენო, როდესაც სხვას აბრალებს ფეიკნიუსების გავრცელებას, მის გარშემო “ქართული ოცნების” დაქვემდებარებაში მყოფი უამრავი გვერდი, ბოტი, ტროლი და კოკა ყანდიაშვილი აღგავა პირისაგან მიწისა და გააქრო ფეისბუქიდან. ასე რომ, სანამ სხვისკენ გაიშვერს ხელს, უკან მიიხედოს.