გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის მოზარდის ადვოკატი გორის პოლიციაში გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს გაეცნო. დაზარალებულს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ფიზიკური დაზიანებები, წინასწარი ინფორმაციით, ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის, შვილმა თარაშ კანდელაკმა მიაყენა.
“კურიერთან” დღეს პირველად დაშავებულის მშობლები ალაპარაკდნენ. დედა საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. კეთდება განცხადებები სავარაუდო მოტივთან დაკავშირებითაც. ოჯახის ინფორმაციით, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი მეგობრებთან ერთად კანდელაკის ოჯახის კუთვნილ რესტორანში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა კანდელაკთან და მის მეგობრებთან. რა გახდა უთანხმოების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
18 წლის მოზარდი კი უკვე 2 დღეა კომაშია. ის “ჯერარსის” კლინიკაში წევს. მან თავის ტვინის ძლიერი დაზიანებები 7 ივნისს, რესტორან “ჯოზეფთან” დაპირისპირების დროს მიიღო. დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, მომხდარს ოჯახი დეტალურად გამოიძიებს.
მოზარდებს შორის ურთიერთდაპირისპირების მიზეზები ამ დრომდე უცნობია დაზარალებული მხარისთვის. მშობელმა მხოლოდ ის იცის, რომ 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი რესტორანში მეგობრებთან ერთად მისი ახლობლის დაბადების დღეს აღნიშნავდა.
ერეკლე თედლიაშვილის ინტერესების დამცველი დღეს საქმის გამომძიებელს გორის პოლიციაში შეხვდა. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და მოზარდების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ თარაშ კანდელაკის გარდა დამნაშავე პირთა წრე კიდევ გაიზარდოს.
თარაშ კანდელაკი ერთადერთია, რომელიც 20-25 კაციანი ქუჩური გარჩევისთვის დააკავეს. გამოძიებით ირკვევა, რომ სწორედ ის იყო პირი, რომელმაც ერეკლე თედიაშვილი სასტიკად სცემა. კანდელაკების ოჯახი კომენტარზე უარს ამბობს. ჩხუბის დეტალებზე არ საუბრობენ არც გიორგი კანდელაკის რესტორანშიც, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. დღის ბოლოს მედიასთან კომენტარი თარაშ კანდელაკის უფლებადამცველმა გააკეთა.
რესტორნის მომსახურე პერსონალი დუმს, თუმცა ქუჩურ გარჩევას საკმაოდ ბევრი თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები დეტალურად იხსენებენ ღამეს, როდესაც ეზოში ჩოჩქოლი ატყდა, სასწრაფოს ექიმებს კი ადგილზე ერთი ბიჭი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. არც ერთი მოწმით ჯერ საქმის გამომძიებელი არ დაინტერესებულა.
საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
რუსთავი 2