გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში გიორგი ჭანტურია მოსამართლე მადონა მაისურაძემ გაამართლა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში გიორგი ჭანტურია მოსამართლე მადონა მაისურაძემ გაამართლაგიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა- შენახვის ნაწილში და მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გიორგი ჭანტურია დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იარაღის ნაწილში გაასაჩივრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბექა ბასილაიამ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიორგი ჭანტურიას უმძიმესი ბრალი ჰქონდა წარდგენილი, რაშიც ის გამართლდა. ბასილაიას თქმითვე, ჭანტურია იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ქონასაც არ აღიარებს.

“მოსამართლე მადონა მაისურაძემ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და გიორგი ჭანტურია უდანაშაულოდ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. ჩვენ ამ საქმის წარმოების დაწყებისთანავე ვაცხადებდით, რომ გიორგი ჭანტურიას ეს დანაშაული ჩადენილი არ აქვს და რომ მის მიმართ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ცდილობდა პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდების დამტკიცებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია. ეს იყო უმძიმესი ბრალდება და ამ ბრალდებაში გიორგი ჭანტურიას გამართლება სასამართლოს მხრიდან მიღებული კანონიერი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება განაჩენის მეორე ნაწილს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას გულისხმობს, ამ ნაწილში დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარს წარადგენს. გიორგი ჭაანტურია ამ ნაწილშიც თავს უდანაშაულოდ ცნობდა, თუმცა, ამ საქმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სისხლის სამართლის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება იყო, რაშიც სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა ბასილაიამ.

პროკურატურა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ იცნობს და არ შეუძლია თქვას, თუ რას დაეყრდნო სასამართლო ამ გადაწყვეტილების გამოტანისას.

„ზემდგომ ინსტანციაში მოხდება უკვე გამოკვლეული მტკიცებულებების შეჯამება, ასე ვთქვათ შეჯერება და ანალიზი“, – განაცხადა პროკურორმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ბრალდებას პირდაპირი მტკიცებულებები, ჩაიდინა თუ არა გიორგი ჭანტურიამ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა, ჯალაღანიამ განაცხადა, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია ამის დამადასტურებელი.

„მკვლელობის იარაღზე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრალდებულის ძალისხმევით ის საქმეში არ არსებობდა. არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაინახეს უკანასკნელად როგორ შევიდა ბაზრობის ადმინისტრაციულ შენობაში სამსონ ქუთათელაძე გიორგი ჭანტურიასთან ერთად და შემდგომ როგორ დაინახეს მოწმეებმა თუ როგორ გამოვიდა ბრალდებული, დატოვა ბაზრობის ტერიტორია მანქანით. არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაინახეს როგორ გამოვიდა ჭანტურია და მას ხელში ეჭირა იარაღი. ამის გარდა იყო მტკიცებულებები ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ ბრალდებულს ეცვა სხვა ტანისამოსი და მკვლელობის შემდეგ მან გამოიცვალა და გადამალა ტანისამოსი მკვლელობის იარაღთან ერთად“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

მოსამართლე მადონა მაისურაძის განმარტებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გიორგი ჭანტურიას ბრალეულობა ვერ დადასტურდა.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლემ განაცხადა, რომ ჭანტურიას მიმართ მკვლელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

„სასამართლო დღეს აცხადებს სარეზოლუციო ნაწილს და გადაწყვეტილებამდე განვმარტავ, რომ მკვლელობის ნაწილში განაჩენი გამამტყუნებელი არ არის. როგორც არ უნდა არსებობდეს რწმენა, ეჭვი, ან განწყობა, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული“, – განმარტა მაისურაძემ.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი დაზარალებული მხარის უკმაყოფილება მოჰყვა.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.