გია ხუხაშვილი – „30 ოპოზიციური პარტიის 30-მა ლიდერმა მაჟორიტარად უნდა იყაროს კენჭი“

გია ხუხაშვილი - „30 ოპოზიციური პარტიის 30-მა ლიდერმა მაჟორიტარად უნდა იყაროს კენჭი“„შიდა კენჭისყრით გადაწყვიტონ, ვის რომელი ოლქი შეხვდება“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარების საკითხზე გარკვეული ბზარები უკვე გაჩნდა. გაისმა მოსაზრება, რომ არა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ, არამედ იმაზე, რომ ვინც მეორე ტურში გავა, მას დაუჭირონ მხარი. როგორც ჩანს, მანდატებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო ოპოზიციაში, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი ოპოზიციას მარტივ ფორმულას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, 30 პარტიის 30 ლიდერი უნდა დადგეს მაჟორიტარად.
უფრო დეტალურად მისი იდეისა და იმის შესახებ, ვის რა შანსები აქვს პარტიებსა და რა გადაჯგუფებებს უნდა ველოდოთ ოპოზიციაში, გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
– საინტერესო პოსტი გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელში, თუმცა მას კონკრეტიკა აკლდა, ცოტა მეტი სიცხადე რომ შევიტანოთ და გავშალოთ თემა. ოპოზიციაში მაჟორიტარების საკითხზე დაპირისპირება შეინიშნება?
– რა არის, იცით? ამის ისტორიული გამოცდილება გვაქვს, რომ ყველანაირი უბედურება კეთილი სურვილებით იწყება. კეთილი სურვილებია თავიდან და მერე გადადის უბედურებაში. ქართული პოლიტიკა ქართულ სუფრას ძალიან ჰგავს. თავიდან ყველას უყვარს ერთმანეთი ძალიან, სიყვარულს ეფიცებიან, ერთმანეთის სადღეგრძელოებს სვამენ და სუფრის ბოლოს ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ.
– საინტერესო შეფასებაა…
– დაახლოებით ეს ისტორია მეორდება ქართული პოლიტიკის შემთხვევაშიც.
თუ ახალი საარჩევნო სისტემა მიიღეს, მისი ძირითადი კონიუნქტურა განისაზღვრება პროპორციული ნაწილით. 30 მაჟორიტარული ოლქი არ არის კრიტიკული საკითხი, რაზეც შეიძლება ღირდეს დიდი ჩხუბები. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ვითარება უნდა გამარტივდეს. ანუ, უნდა მოიძებნოს ფორმულა, სადაც მაინცდამაინც გასაყოფი არაფერი არ იქნება. როდესაც 30 პარტია ზის, ბუნებრივია, ერთ ბლოკში არ იქნებიან, მაგრამ გარკვეული კოორდინაცია უნდა მოხდეს ამ 30 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით.
პრაიმერიზის ჩატარება ან რაიმე სახით გამოვლენა ზღაპარია.
– დავაკონკრეტოთ, ამას საუბრობთ არა „ძალა ერთობაშია“ ფორმატზე, არამედ ლეიბორისტების ოფისში შეკრებილ გაფართოებულ ფორმატზე?
– დიახ, მე ვგულისხმობ დიდ გაერთიანებას, რომელშიც ცდილობენ, რომ გარკვეული კოორდინაცია მათ შორის იყოს. აქ ძალიან მარტივი მოცემულობით შეიძლება დალაგდეს ვითარება. თუ მაგიდასთან ზის 30 პარტია და არის 30 ოლქი, შესაბამისად, ამ 30 პარტიას ჰყავს 30 ლიდერი, ეს ლიდერები დადგნენ მაჟორიტარობის კანდიდატებად. გასაგებია, რომ ყველა არ არის თანაზომადი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მაჟორიტარული საკითხი ამ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის და ყველას უნდა, რომ სრულფასოვანი პარტია ეწოდებოდეს, ყველა ლიდერმა იყაროს კენჭი მაჟორიტარად.
აქ ბევრი რამის ტესტირება მოხდება. იმ კონკრეტულ ოლქში, რომელშიც იქნება წარდგენილი, ყველა დანარჩენმა მას დაუჭიროს მხარი. გარდა ამისა, ეს ლიდერები აცხადებენ, რომ ნაციონალური მასშტაბების ლიდერები არიან, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რომელ ოლქში იყრიან კენჭს. მათი ცნობადობაც შედარებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის რიგითი წევრისა. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ჩანან ტელევიზორში.
ვინ სად უნდა იყაროს კენჭი, ესეც მოხდეს იმგვარად, როგორც საფეხბურთო კენჭისყრა ხდება. ჩაყარონ 30 ბურთულა დოლურაში და ვინ სადაც ამოვა, იმ ოლქში იყარონ კენჭი.
– თქვენ მიღწევადი გგონიათ ის, რომ შეთანხმებას შეძლებენ პარტიები?
– აქ არ არის საუბარი რაღაცის განაწილებასა და გამონაწილებაზე, რაც სერიოზული რისკების შემცველია ხოლმე. მთავარია, რომ შეთანხმდნენ, იყრის თუ არა 30-ვე პარტიის ლიდერი კენჭს. თუ იყრიან კენჭს, მერე რომ არ იყოს დისკუსია, ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, ამიტომ მოხდეს ფარული წესით კენჭისყრა. ეს არის ყველაზე მარტივი ფორმულა, რაც გამორიცხავს ეჭვიანობას, მე უფრო მაგარი ვარ თუ შენ უფრო მაგარი ხარო. ეს არის რაციონალური ფორმულა, რომელიც გამორიცხავს ბევრ რაღაცას.
– იმისთვის არ იქნება ბრძოლა, რომ ვთქვათ, ვიღაცამ თქვას, რომ მე უფრო მსხვილი და სოლიდური პარტია მაქვს და არ მაკმაყოფილებს ერთი მაჟორიტარული ოლქი?
– მსხვილი პარტია რომ გაქვს, ამისთვის არსებობს პარტიული სიები. ბუნებრივია, ასეთ პარტიებს სიებში მეტი ადგილები ექნებათ. გარდა ამისა, ვიღაცა ცალკე იყრის კენჭს, მაგრამ მაჟორიტარულ კოორდინაციაში უნდა მონაწილეობის მიღება. ამ დიდი კოორდინაციის ელემენტებად შემომაქვს ეს ყველაფერი. ძირითადი დავა განისაზღვრება პროპორციული არჩევნებით. თუ 120/30-ზე სისტემით ჩატარდება არჩევნები, ძირითადად ამ 120 მანდატის გადანაწილებით მოხდება კონიუნქტურის განსაზღვრა. იმის მიხედვით, ვინ რამდენს მიიღებს.
– ამ ფონზე რამდენად სწორი იყო „ლელოს“ გადაწყვეტილება, რომლის ლიდერებმაც თქვეს, რომ ყველა ოლქში კანდიდატების დაყენებას აპირებენ?
– ეს მათი გადასაწყვეტია. მათ თქვეს, რომ ამ სისტემაში ისინი არ მონაწილეობენ. ამ მარტივი ფორმულის ჩამოყალიბებით ურთიერთსაპრეტენზიო და სადავო არაფერი არ დარჩება, რაც მათ შანსებს, ჩემი აზრით, გაზრდის.
– საუბარია, რომ ელისაშვილი შევა „ლელოში“. პარტიათა როგორ გადაჯგუფებას ელოდებით და რა შანსები აქვთ პატარა პარტიებს?
– გარკვეული გამსხვილება მოხდება, მაგრამ ფრონტი უნდა გაიშალოს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. იმის მცდელობა, რომ ერთი დიდი პოლიტიკური გაერთიანება გაკეთდეს, არის შეცდომა, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ნიშნით. ეს შეცდომად იმიტომ მიმაჩნია, რომ რაღაც კატეგორიის ამომრჩეველს „ოცნება“ არ მოსწონს, მაგრამ არც ნაციონალური მოძრაობა უნდა. მას არც წარსული უნდა და არც აწმყო, მას უნდა მომავალი. შესაბამისად, მისთვის უნდა მოხდეს ალტერნატიული შეთავაზებების გაკეთება. შესაბამისად, ფრონტი რაც უფრო გაიზრდება, მით უკეთესია. ახლა კონკრეტულად რომელ პარტიას რა შანსები აქვს, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.
ბარიერზე თუ ვილაპარაკებთ, ჯერჯერობით რამდენიმე პარტიაა, რომელიც გადალახავს ბარიერს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ სხვა პარტიებს შანსი არ აქვთ. ვინც ბარიერს გადალახავს, ეს პარტიებია: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ეს არის ის პარტიები, ვინც გარანტირებულად გადალახავს ბარიერს. დანარჩენები ან ამ ძირითად ცენტრებს მიუერთდებიან, ან თვითონ მოახერხებენ რაღაც ახლის შეთავაზებას, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
– მაგალითად, ბურჯანაძეს საით ხედავთ?
– არ ვიცი. შეიძლება ბურჯანაძე და რამდენიმე პარტია შეიკრიბოს, არ ვიცი. ეს ბურჯანაძემ თავად უნდა გადაწყვიტოს. იყო დრო, როდესაც ასეთ საკითხებს ვალაგებდი, ახლა მე ამაში აღარ ვმონაწილეობ.