გიგლა ბარამიძე – „ქართულ ოცნებაში“ კალაძისა და გახარიას კლანები ერთმანეთს ჭამენ“

გიგლა ბარამიძე - „ქართულ ოცნებაში“ კალაძისა და გახარიას კლანები ერთმანეთს ჭამენ“მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
როგორ უნდა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება პოსტეპიდემიურ პერიოდში? რა მოხდება ოპოზიციაში მაჟორიტარების თაობაზე? ვის სად წამოაყენებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“? ჩანს თუ არა პოლიტიკური შენარჩუნების ორპოლუსიანობის ნიშნები? რა სახის დაპირისპირებაა მმართველ პარტიაში? ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენმივან გიგლა ბარამიძეს.
– კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების გამო იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირება. თქვენი აზრით, მოიკლებს ხელისუფლება ხარჯებს?
– მთავრობა ამ გასაჭირში ამის წინაშე დადგა. ბიუჯეტის კორექტირება ახლა კი არა, კორონავირუსის გაჩენის პირველივე დღეებში უნდა მომხდარიყო. ეს პროცესი სპეციალურად გაიწელა.
– რისთვის?
– იმისთვის, რომ დახმარების დარიგება მოგვიანებით დაეწყოთ და არჩევნებთან მიეახლოვებინათ. 200-ლარიანი კომპენსაცია რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა გაიცეს. გაცემის ბოლო ვადა ემთხვევა არჩევნების პერიოდს. მთავრობა ვალდებულია, მოიკლოს ხარჯები. ჩინოსნური აპარატი უზომოდ არის გაბერილი. მოხელეების ასეთი უზარმაზარი რაოდენობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. სხვადასხვა უწყებაში, აიპებსა და სსიპებში დასაქმებულების დიდი ნაწილი არაფერს აკეთებს. ეს ადამიანები, უბრალოდ, მუქთახორები არიან და ხალხის ხარჯზე იღებენ ხელფასებს, ასევე, პრემიებსა და დანამატებს. ადრეც ვამბობდით, რომ ბიუროკრატიული აპარატი შესამცირებელია. ამის საჭიროება უფრო მეტად ახლა დადგა. ჩინოსნების 40 -45% შესამცირებელია. შტატები იმდენად გაბერილია, რომ მათი შემცირება სახელმწიფოს არ დააზიანებს.
– ეს ხელისუფლება ოპტიმიზაცია-შემცირებასა და ყაირათიანობას ბევრჯერ შეგვპირდა. ამის მიუხედავად, სულ სამი თუ ოთხი კაცი შეამცირეს.
– სამინისტროებს სახელები გადაარქვეს და სულ ეგ იყო. თბილისის მერიაში, თავისი აიპებიან-სიპებიანად, იმაზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, ვიდრე ლონდონის, ნიუ-იორკისა და პარიზის მერიებში ერთად აღებული. ესენი თანამშრომლებს ზრდიან. ყველგან, ყველა უწყებაში, უამრავი ხალხია – თანაშემწეებიან-მოადგილეებიანად. ბიუჯეტის ფული მარტო ხელფასებზე ხომ არ იხარჯება! ხალხის ფული მიედინება მათ მგზავრობაზე, ავეჯზე, ყავაზე და ა. შ.
– არჩევნებს შევეხოთ. სამიოდე თვის წინ ოპოზიციურ ერთობაში დიდი ენთუზიაზმი შეინიშნებოდა მაჟორიტარების კანდიდატების შეთანხმების თაობაზე. ახლა უკვე ბევრი აღიარებს, რომ ყველგან, ყველა ოლქში, ოპოზიცია ერთიან კანდიდატებზე ვერ შეთანხმდება.
– ეს ჩვენ ყოველთვის ვიცოდით. ვამბობდით, რომ ჯერ ადრე იყო შედეგებზე საუბარი. ამაზე ისეთი პარტიებიც ვერ თანხმდებიან, ფინანსურად და რაოდენობითაც რომ სილიდურად გამოიყურებიან.
– მით უმეტეს, შეთანხმება ყველაფერზე ძნელია ოპოზიციურ ერთობაში?
– რასაკვირველია. ჩვენი პარტია სხვებთან ერთად რაიმე ორგანიზაციაში არ შესულა. სხვების გვერდით დროებით დავდექით ერთადერთი საკითხის – საარჩევნო ცვლილებების გამო. დარწმუნებული ვართ, ამას მივაღწევთ.
– და კრიტიკოსებს სალაპარაკოს მოუსპობთ?
– ჩვენსკენ ხელის გაშვერა უნდა დამთავრდეს! ჩვენ დამოუკიდებელი პარტია ვართ და დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. პირობებს არ ვარღვევთ. არ ვყოფილვართ გარიგებული არც წინა და არც ახლანდელ ხელისუფლებასთან. რაც შეეხება კოორდინაციას მაჟორიტარების კანდიდატებზე, ეს შესაძლებელია. ამით დავუპირისპირდებით „ქართული ოცნების“ კანდიდატს. თუმცა, გააჩნია შეთანხმების პირობებს და კანდიდატს.
– თქვენ ბევრგან გეყოლებათ კანდიდატები? მათ დაასახელებთ?
– დასახელებით ჯერ არა. ღირსეული მაჟორიტარობის კანდიდატები შერჩეული გვყავს. ჯერ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომელი მათგანი იქნება წამოყენებული. საარჩევნოდ ოფისების ფული გამონახული გვაქვს, მაგრამ მაჟორიტარად კენჭისყრას სხვა თანხები უნდა. ამიტომ, განსჯის პროცესში ვართ. სადაც მეტი შანსი იქნება, იქ ვიმოქმედებთ.
– სხვა მხრივ რა ხდება პოლიტიკაში? ისევ ორპარტიული კონფლიქტი და ორპოლუსიანობაა? ვგულისხმობ „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალების სპარინგ-პარტნიორობას.
– ამის მცდელობა არის. მმართველ პარტიას ნაციონალური მოძრაობა ჰაერივით სჭირდება. ეს ამ დღეებშიც ნათლად გამოჩნდა, როცა პრემიერი პარლამენტში მივიდა.
– პრემიერსაც დასჭირდა ნაცმოძრაობა?
– გახარიას შეკითხვებს უსვამდნენ. როცა პასუხი არ ჰქონდა, ნაციონალური მოძრაობის მძიმე წარსულს იყენებდა და იხსენებდა. სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობა, ასევე, ევროპულ საქართველოში გაერთიანებული ყოფილი ნაციონალები ერთ სწორ დასკვნამდე მივიდნენ. მათ გააცნობიერეს, რომ ერთპარტიული მმართველობა მიუღებელია. ისინი მიხვდნენ, რომ ფარტო სპექტრთან უნდა ითანამშრომლონ.
– მმართველი პარტია ამას ვერ მიხვდა?
– როგორც ჩანს, ვერა. „ქართული ოცნება“ გახდა გააზნაურებულ მდაბიოთა სექტა, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნია. ამ ხალხს უნდა მდგომარეობის შენარჩუნება. ესაა ამ ხელისუფლების მიზანი.
– საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტიის სიაში ჩასვამენ მინისტრ თეა წულუკიანს და პრემიერ გახარიას. თუ ეს მოხდა, ამით მოიმადლიერებენ თუ არა „ოცნების“ იმ მხარდამჭერებს, რომლებიც ხელისუფლებას ნაციონალურ მოძრაობასთან ახალ გარიგებას საყვედურობენ და უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გამო მძაფრად აკრიტიკებენ?
– მოიმადლიერებენ თუ არა, არ ვიცი. საარჩევნო სიის შედგენა სხვა რამეს უკავშირდება. „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დიდი დაპირისპირებაა – კალაძისა და გახარიას კლანები ერთმანეთს ჭამენ. კალაძეს აქვს გავლენა პარლამენტზე. მთავრობაში კალაძემ პოზიციები დაკარგა. იქ გახარიაა ძლიერი. კლანებს ერთმანეთში კონფლიქტი და კონკურენცია აქვთ. ივანიშვილმა ეს იცის და ვარირებს კლანებს შორის. სიის შედგენაზე ისეთი ამბავი აქვთ, რომ ლამის მეორე მსოფლიო ომი განახლდა.