გიორგი გაბუნია 18 ივნისს 10 საათზე სუსში დაიბარეს

გიორგი გაბუნია 18 ივნისს 10 საათზე სუსში დაიბარესჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, გაბუნია 18 ივნისს, დილის 10:00 საათზეა დაბარებული.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.