ხანძარი მუხიანში – მეხანძრეებმა 3 ბავშვი და 2 სრულწლოვანი გადაარჩინეს

ხანძარი მუხიანში - მეხანძრეებმა 3 ბავშვი და 2 სრულწლოვანი გადაარჩინესმუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია შევიდა, რომ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებულ დამხმარე ნაგებობას ეკიდა, რამაც კორპუსის ქვედა სართულების ძლიერ დაკვამლიანება გამოიწვია.

,,მეხანძრე-მაშველებმა, ხანძრის ქრობის პარალელურად, დაუყოვნებლივ განახორციელეს დაკვამლიანებული ტერიტორიის – მათ შორის, საცხოვრებელი ბინების დათვალიერება. ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, რომლებსაც შესაბამისი პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარის შედეგად, დაიწვა დამხმარე-ნაგებობის 10 კვ/მ-მდე ფართობი, ასევე, კორპუსის ნულ სართულზე განთავსებული სავაჭრო დაწესებულების ჭერი და პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ფანჯარა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.