კოტე კემულარიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია დატოვა

კოტე კემულარიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია დატოვაკოტე კემულარიამ პარტია “გამარჯვებული საქართველო” დატოვა. კოტე კემულარიას თქმით, მან პარტიიდან წასვლის შესახებ გაცხადება ორი დღის წინ დაწერა.

“მიზეზი არის ის, რომ სულ სხვანაირად იყო ჩაფიქრებული სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანების შეკრება და საკმაოდ პოპულარული იყო ეს გაერთიანება, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა, ხელისუფლების აგრესიული შეტევა, სპეცსამსახურების მუდმივი და აქტიური მოქმედება სამწუხაროდ, გახდა მიზეზი, რომ ჩვენ ვეღარ შევძელით ირაკლის გათავისუფლების მერე აღდგენა იმ სულისკვეთების, რაც იყო”, – განაცხადა კემულარიამ.

კემულარია აცხადებს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში და იმ ახალგაზრდების გვერდით რჩება, ვინც 20 ივნისის მოვლენების შემდგომ აქტიურ პროტესტს გამოხატავს.

მისი თქმით, დამოუკიდებელი პოლიტიკოსის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა არჩევნებში დამოუკიდებლად კენჭისყრას გამორიცხავს.

კემულარია, რომელიც “გამარჯვებული საქართველოს” გენერლაური მდივანი იყო, ასევე გამორიცხავს რაიმე დაპირისპირებას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილთან.

“მე მინდა ვიყო დამოუკიდებელი, პარტიული საქმიანობა მაინც ჩარჩოებია. წინ ბევრი ბატალიებია, მე ვარ მომხრე კოალიციური მთავრობის და ამისთვის ვიბრძოლებ”, -უთხრა მან ნეტგაზეთს.

“ნეტგაზეთი” ირაკლი ოქრუაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

“გამარჯვებული საქართველო” 2019 წლის ოქტომბერში შეიქმნა, ამ დროიდან იყო კემულარია პარტიის გენერალური მდივანიც.