ლადო სადღობელაშვილი – „დღეს ივანიშვილი გაცილებით უარეს დღეშია, ვიდრე სააკაშვილი იყო 2012 წელს“

ლადო სადღობელაშვილი - „დღეს ივანიშვილი გაცილებით უარეს დღეშია, ვიდრე სააკაშვილი იყო 2012 წელს“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, შესაძლებელია, რომ არჩევნები გადაიდოს?
– ხელისუფლება უყურებს, რა რეიტინგი აქვს. გაყალბების შანსი არის მიზერული, ახლა არჩევნები ან უნდა მოიგო, ან გადადო. დროის გაწელვა აწყობთ იმ მხრივ, რომ დრო მოიგონ, ამ დროში რაღაცა ნორმალური გააკეთონ. გარდა ამისა, ღიად და აშკარად ჩანს, რომ გუნდში არის სერიოზული დაპირისპირება. გახარია და კალაძე ერთმანეთს ჭამენ. სერიოზული დაპირისპირებაა და ეს რაღაცნაირად ჟონავს.
– მზიურის გახსნაზე ერთად გამოჩნდნენ. გახარია კალაძის ძაღლს მიეალერსა. ეს ყველაფერი საზოგადოების დასანახად გაკეთდა?
– აბა რას იტყვიან? ერთმანეთს ვჭამთ შიგნითო, იმას იტყვიან?! ეს ხომ პოლიტიკაა. ყველამ იცის, რომ წინა მოწვევის პარლამენტში კალაძეს ჰქონდა საკმაოდ დიდი კვოტა, სვამდა სიაში თავის ძმაკაცებს, ბიზნესმენებს. ახლა ჩააჩოჩეს კალაძე და ამ კვოტაში ჩაუსვეს გახარია.
– ამ ფონზე ვისმენთ დიპლომატების განცხადებებს, გვჯერა, საქართველოში ძალიან დემოკრატიული არჩევნები ჩატარდებაო. ეს დიპლომატიურ ენაზე მინიშნებაა, რომ არ უნდა გააყალბონ?
– დიახ, პირდაპირ ეუბნებიან, გაყალბება არ გაბედოთო. ახლა ზუსტად ის სიტუაციაა, რაც 2011-2012 წლებში იყო, როდესაც სააკაშვილი მიდიოდა და ესენი მოდიოდნენ. მაშინ სააკაშვილს უთხრეს, არ გაბედო გაყალბებაო. რა, სააკაშვილი ვერ გააყალბებდა? მაგის ბიჭი არ იყო, გაყალბების გამოცდილება არ ჰქონდა თუ რა! ახლა ზუსტად იგივე ამბავია, როგორც სააკაშვილს ეუბნებოდნენ, არ გაბედო გაყალბებაო, ისე ამათ ეუბნებიან – არ გაბედო გაყალბება. ეს არის პირდაპირი მესიჯები.
“ქართულ ოცნებაში” მართლა ჰგონიათ, რომ ხალხი ამათკენ არის?! სულ ტყუილად. საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორ გაუჭირდათ და მაშინ კოალიციის ნასახი მაინც იყო დარჩენილი. ახლა ვინღა ჰყავთ? არავინ! ყველა შემოეცალათ. “ქართული ოცნების” ყველაზე აქტიურმა ჯგუფმა დატოვა ეს პარტია. დღეს ესენი ეჭიდავებიან 30-35%-ს, ესეც მაქსიმუმ. მათ უწევთ ფიქრი იმაზე, რომ კოალიციაში უნდა შევიდნენ, სავარაუდოდ, ლელოსთან. თუმცა როგორია ლელოსთან კოალიციაში შესვლა?! ბატონი გახარია და ხაზარაძე სერიოზულად არიან დაჯახებული ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ბიძინამ ან გახარია უნდა დააჩოჩოს და გაუშვას პენსიაზე, ან ხაზარაძესთან ალიანსი გააკეთოს.
ძალიან მძიმე სიტუაციაშია ბატონი ბიძინა. სააკაშვილი არ იყო ასეთ მძიმე სიტუაციაში 2012 წელს, რა მდგომარეობაშიც “ოცნებაა”. იქ ერთიანობა მაინც შეინარჩუნეს ნაცებმა, ესენი კი ვერ ინარჩუნებენ ამ ერთიანობას, იშლებიან უკვე. წარმოგიდგენიათ, ჯერ ოპოზიციაში არ არიან და უკვე დაიწყეს დაშლა. წინ კიდევ რა ელით, ვერც წარმოუდგენიათ. ზოგიერთი პარლამენტარი რომ აღმოაჩენს, რომ “ქართული ოცნების” სიაში არ არის, აი, მერე ნახეთ ის ნაგვის ნიაღვარი, რაც იქიდან წამოვა. ამათი საქმე რომ წასულია, ცხადია.
– მაშინ გამოდის, რომ არჩევნების გადადებაც არ უშველით და, უბრალოდ, ვადის გახანგრძლივება უნდათ?
– დიახ, არ არის გამორიცხული, რომ ასე იყოს. გადადებენ რამდენიმე თვით რაღაცის იმედად.
– იმაზეც საუბრობენ, რომ დესტაბილიზაციაც არ უნდა გამოირიცხოს. ამაზე რას იტყვით?
– თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პრინციპებზე, მაშინ ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. მეორე მხრივ, როგორია, ბიძინა ივანიშვილმა დათმოს ხელისუფლება?! ის ვერ დათმობს ხელისუფლებას, რადგან სხვაგან წასასვლელი გზა რეალურად არა აქვს.
მან რომ აღმართოს ხელი თავის ხალხზე, მაშინ ყველანაირი ხიდი, რაც დასავლეთთან არსებობს, ჩატყდება. რას ირჩევს ივანიშვილი, რუსეთთან ურთიერთობას თუ უნდა, ერდოღანის გზა გაიაროს?! ამას ვერ გაბედავს. მე კონკრეტული განცხადებები მენიშნა ძალიან.
– კერძოდ?
– “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებულმა რამდენიმე ადამიანმა პირდაპირ განაცხადა ტელევიზიებით, თუ ნაციონალები მოტრიალდებიან, იარაღს ავიღებთ ხელშიო. ჯერ ერთი, ასეთი ადამიანები არც უნდა გამოაჩინო ტელევიზიით და მეორეც, “ოცნებასთან” ასოცირებულმა ადამიანმა რატომ უნდა თქვას ასეთი სიტყვა, თუ ნაცები მოტრიალდებიან, იარაღს ავიღებო?! ამაზე სადღაც იყო ლაპარაკი გუნდში. ამაზე ისინი საუბრობენ, ვინც ერთხელ უკვე აიღო იარაღი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ასეთი ელემენტები ასოცირდებიან “ქართულ ოცნებასთან”!
– რა მოცემულობა გვექნება შემოდგომაზე?
– ძალიან მარტივად ვიტყვი, აქ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. ბიძინა ივანიშვილმა თუ მიიღო გარანტიები დასავლეთისგან, რომ რომელიმე ქვეყანა შეიფარებს, მშვიდად წავა. თუ ეს გარანტიები ვერ მიიღო, მაშინ შეეცდება, გადადოს არჩევნები და ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაწელოს. არჩევნებს კი იმ შემთხვევაში გადადებს, თუ დაინახავს, რომ “ქართულ ოცნებას” დაბალი რეიტინგი აქვს და დღეს “ოცნებას” საშინელი რეიტინგი აქვს.
დღევანდელი მოცემულობით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი გარანტიები არა აქვს და, დიდი ალბათობით, არჩევნებს გადადებს. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. არც ის გამიკვირდება, რომ იარაღი აიღონ ხელში. ბოლოს და ბოლოს, გია კობახიძის შვილია ირაკლი კობახიძე, ცნობილი პუტჩისტის, მისი ავტომატგადაკიდებული ფოტოები მთელ საქართველოს აქვს ნანახი. ამიტომ ამათგან იარაღის აღება არ გამიკვირდება. არც არჩევნების გაყალბება გამიკვირდება, მაგრამ ვერ გააყალბებენ.
ამიტომ რაღაც დესტაბილიზაციის სქემას დახატავენ ან მართულ პარტიებთან შევლენ კოალიციაში და ისე მოვლენ ხელისუფლებაში. დიდი ალბათობით კი არჩევნები რამდენიმე თვით გადაიდება.