ლადო სადღობელაშვილი – „გახარია ამ არჩევნებს არ ჩაატარებს“

ლადო სადღობელაშვილი - „გახარია ამ არჩევნებს არ ჩაატარებს“„თეა წულუკიანს მხოლოდ პარლამენტის სპიკერობა დააკმაყოფილებს“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ აცხადებს, მთავარსარდალი გადაწყვეტს ყველა საკითხსო, მთავარსარდლად კი ბიძინა ივანიშვილს იხსენიებს. უკვე აღარც მალავენ ამ არაფორმალურ მმართველობას?
– ირაკლი ღარიბაშვილის ასეთი განცხადება მე ნამდვილად არ გამკვირვებია. რამდენიმე ხნის წინ ნაცვლიშვილმაც იგივე განაცხადა, ივანიშვილია ყველაფერი ამ ქვეყანაშიო. ადამიანებად აქცია ივანიშვილმა ეს ხალხი, მეორე სუნთქვა მისცა მათ. რა გასაკვირია, რომ ასე თქვან?! თუმცა, ნაცვლიშვილსაც და ღარიბაშვილსაც ავიწყდებათ, რომ ისეთები, როგორებიც თვითონ არიან, დაახლოებით ათასი კაცია, რომლებიც, შეიძლება, უმადლოდნენ ბიძინა ივანიშვილს, არადა, საქართველოში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი საქმეა, როგორ მოიხსენიებენ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი დანარჩენი 3 მილიონი მოქალაქის აზრია.
– გამოდის ინფორმაციები, რომ ჭამენ “ოცნების” შიგნით ერთმანეთს. სიები, შესაძლოა, სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ითქვა, რომ ბიძინა აკომპლექტებს სიას ერთპიროვნულად და აღარავის აძლევს უფლებას, თავიანთი კვოტები ჰქონდეთ. ამაზე რას იტყვით?
– დიახ, ნამდვილად არსებობს ეს ინფორმაცია. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ეს არჩევნები არ იქნება ისეთივე, როგორიც იყო წინა არჩევნები. აქ არ იქნება ქვედინებები პარლამენტში. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოხვდება პარლამენტში, იქნება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული. დამოკიდებული აბსოლუტურად ყველანაირად.
ახლა, ამ ახალ პარლამენტში, “ქართულ ოცნებას” არ ექნება შეცდომის დაშვების უფლება. ეს არ იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა და ძალიან კარგად ხვდებიან ამას. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან პარლამენტში, იქნებიან არა კალაძის სამეგობრო, არა ამა თუ იმ ლიდერის სამეგობრო, არამედ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის გუნდის 100%-იანი წევრები. ისინი დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილს და მხოლოდ ბიძინა იქნება მათი ამომავალი წერტილი.
ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ცუდია.
– რატომაა ცუდი ან კარგი?
– ცუდია იმ მხრივ, რომ ძალიან შეიკვრება “ქართული ოცნება”. შეიკვრება ცუდი გაგებით და დაემსგავსება კომუნისტურ პარტიას. არც ერთი ლიდერი, მაგალითად, არც გახარია, არც კალაძე და არც ერთი ლიდერი არ იქნება ლიდერად აღიარებული.
– ამბობენ, რომ კალაძე თავისი გუნდის სერიოზულ გაძლიერებას ცდილობს და ბიძინასაც ებრძვის ფარულად. ასეა?
– კალაძე საკმაოდ ამბიციური ადამიანია. მისი ამბიციები გამართლებულია თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია. კალაძე იქით იყოს და მე დღეს ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გახარია არ ჩაატარებს ამ არჩევნებს. გახარია თუ დარჩება, მაშინ მას კვოტა უნდა ჰყავდეს პარლამენტში. ეს კვოტა კი არ ექნება.
– გახარიას არ ჰყავს საკუთარი გუნდი.
– გუნდი არაა პრობლემა, სულ რაღაც 20 კაცზეა საუბარი და შესაძლებელია, 1 თვეში მოაგროვო. აქ უფრო ნდობის ფაქტორია. ბიძინა ივანიშვილი ამ პოლიტიკური სეგმენტიდან, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, მაქსიმუმ 5-6 კაცს თუ ენდობა. მათ შორის კი გახარია არ არის.
სწორედ გახარიას გადადგომას უცდის ბიძინა, რომ მერე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყონ. გახარია მალე წავა. ის ჯერ კიდევ 20 ივნისის მოვლენების გამო უნდა წასულიყო, ახლა კიდევ ვხედავთ, რაც ხდება ამ პანდემიის ფონზე. არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა. ბევრი მიზეზი ექნებათ, რის გამოც შეედავებიან და გაუშვებენ.
– წულუკიანის მიმართ ასეთი რა ნდობა აქვს ივანიშვილს, რომ ვერაფრით ელევა?
– მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალბატონ წულუკიანს აქვს ძალიან სერიოზული კომპრომატები ძალიან ბევრ ადამიანზე.
– ცალკე აღებული, რამდენად არის სერიოზული სახე თეა წულუკიანი?
– როგორ შეიძლება, სერიოზულ სახედ აღვიქვათ თეა წულუკიანი?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოძველდა უკვე, დაბერდა ამ პარტიაში. სულ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი ამ პარტიაში ისეთი, რომლებიც თავიდან ბოლომდე მოჰყვებიან ამ გუნდს. ადამიანს ფსიქოლოგია ისე აქვს აწყობილი, რომ ერთი და იგივე საჭმელიც ჰბეზრდება, ერთისა და იმავე სახის ნახვა ჰბეზრდება და რაღაცა განახლებებს ითხოვს. ვხედავთ, რომ ქალბატონი წულუკიანი ნამდვილად ვერ განახლდა და ვერ ამაღლდა თავის მხარდამჭერებში.
– მაშინ, რატომ უპირებენ სიაში პირველ ნომრად ჩასმას? პირველ ნომერი ხომ პროცესის წამყვანი უნდა იყოს?
– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სერიოზული იურიდიული გამოცდილება აქვს, იუსტიციის მინისტრი იყო მთელი 8 წელი. დღეს თუ არსებობს “ქართულ ოცნებაში” იმის რესურსი, რომ ვინმემ ჩაიბაროს პარლამენტი და გახდეს სპიკერი, ალბათ, ყველაზე უფრო შესაფერისია წულუკიანი და სწორედ ამიტომ. გარდა ამისა, მას სჭირდება გარანტიები.
– რის გარანტიები?
– მას უწევს პოსტის დატოვება. იმ პოსტზეც მოძველდა, საზოგადოებას ვერანაირ სიახლეს ვეღარ სთავაზობს.
– განახლების რესურსი აღარ აქვს?
– არ აქვს. თანაც როგორია, დატოვოს ამხელა თანამდებობა. მას ორი სამინისტროს პოსტი უჭირავს, თანაც აქვს სერიოზული კომპრომატები. ამიტომ წულუკიანს ასე მარტივად ვერ ჩააჩოჩებენ. შეეძლოთ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაეშვათ, მაგრამ არ წავა, რადგან იქ, როგორც სახე, დაიკარგება. ამიტომ, ეს ადამიანი რომ დაკმაყოფილდეს, რომ არ გაჟონოს მისგან ინფორმაციებმა და რომ მან იგრძნოს თავი გუნდის შემადგენელ ნაწილად, საჭიროა მისი ამბიციების დაკმაყოფილება. ამ ეტაპზე კი პარლამენტის სპიკერობა ერთ-ერთი შესაფერისი თანამდებობაა, თანაც მისი ცივსისხლიანი ტიპაჟი, როგორც ჩანს, მომგებიანია ბიძინასთვის.
– ასე აფასებენ, რომ ის შეურიგებელია, კოაბიტაციაში არ შევიდა ნაცებთან. ასეა?
– უკაცრავად, მაგრამ მანდ მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და არ ვიზიარებ მაგ მოსაზრებას. რაც შეეხება კოაბიტაციას, თუ ვინმეს აქვს იმის ეჭვები, რომ ქალბატონი წულუკიანი მედგრად დგას და ნაციონალებს არ შეეკრა, ერთი კარგად გადახედოს წულუკიანის ორ სამინისტროსა და ციხეების უფროსებს. ასევე გადახედოს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც ის კურირებს! მოიძიონ ერთი ამ ხალხის ბიოგრაფიები. “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო მთავარი.
– რა ვერ შეძლო?
– “ქართულმა ოცნებამ” ვერ აღზარდა კადრი. კადრი ვერ გაზარდა. ეს არის მენეჯმენტის ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც 8 წლის პარტია ვერ ზრდის კადრს და ეყრდნობა მაინც იმ კადრებს, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის დროინდელი კადრები და, საუბედუროდ, კიდევ ეყრდნობა იმ კადრებს, რომლებიც იყვნენ შევარდნაძის დროინდელი კადრები.