ლევან ხაბეიშვილი – „გახარია პრემიერობანას თამაშობს“

ლევან ხაბეიშვილი - „გახარია პრემიერობანას თამაშობს“„ხალხი შიმშილის ზღვარზეა, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
– ლევან, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი საკანონმდებლო ორგანოს სტუმრობდნენ. ოპოზიციისგან იყო მწვავე კრიტიკა, “ოცნებაში” კი ფიქრობენ, რომ გახარიას შეუდარებელი გამოსვლა ჰქონდა. რას ფიქრობთ თქვენ?
– ეს არის ნომინალური ხალხი, რომელიც წარმოდგენილი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს. “ქართული ოცნება” ასეა, ყველა ერთისათვის და ის ერთი თავისთვის. ყველა მუშაობს იმ ერთი კაცისთვის. ამ პანდემიის პირობებში მთელი დედამიწა გაჩერდა, ერთი ივანიშვილი არ გაჩერდა, არც მისი პროექტები არ გაჩერდა და მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტრო და ყველანი მუშაობდნენ იმისთვის, რომ ბიძინას პროექტებს ხელი არ შეშლოდა.
– გახარიას გეგმაზე რას იტყვით?
– თურმე ჯიგრულად ჯიგრულ პონტში ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა და ეს თურმე კორუფცია კი არ არის, ჯიგრული ქართული პონტია. ესეც აჩვენებს მათ დამოკიდებულებასაც და მათ მდგომარეობასაც. უკვე აღიარებით ჩვენებებს იძლევიან კორუფციაზე და ეს ჯიგრული პონტი ყოფილა თურმე.
– დახმარება, სოციალური პაკეტი, ამაზე საუბარს დიდი დრო დაუთმო გახარიამ.
– ეს სოციალური პაკეტიც ხომ თვალში ნაცრის შეყრაა, მინიმუმ 2 მილიონ ადამიანს არ ეხება ეს ე.წ. სოციალური პაკეტი. ქვეყანაში პანდემია შეეხო ყველას, ესენი კი ამბობენ, ათში ერთს დავეხმარებითო. პლუს ამას 470 მილიონი უნდა დავასუბსიდიროთ სამშენებლო ბიზნესშიო. ესეც ხომ მარტივი კორუფციული გზაა?!
– რატომაა კორუფციული გზა?
– კორუფციულია. თანაც ვინც წლის ბოლომდე იყიდის ბინას, მხოლოდ მათ დავეხმარებითო.
– ვისაც უკვე ნაყიდი აქვს და დიდი ვალი აქვს, იმან რა ქნას?
– აქაც პრიორიტეტებია დასაყოფი. ვიღაცას სახლთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ვიღაცას შიმშილის პრობლემა. პრიორიტეტებშიც აქვთ აღრევა. დღეს თუ ადამიანს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ 100 ათასი დოლარი ბინაში გადაიხადოს, იმის თავიც ექნება, რომ პროცენტიც თავად დაფაროს. ვერ გავიგე, რა ხდება, სხვა ყველა პრობლემა მოვაგვარეთ და მხოლოდ ეს ხალხი დაგვრჩა?! ნახევარი მილიონი ლარი უნდა ჩავდოთო და ამ ფულს ვინ წაიღებს?!
– ვინ?
– რა თქმა უნდა, კალაძესთან დაკავშირებული ხალხი წაიღებს, კალაძე მისცემს იმ ხალხს, ვისაც უნდა, ვისთანაც ინტერესი აქვს. პატარ-პატარა ბიზნესი მოკვდება პირდაპირი მნიშვნელობით და პატარა ბიზნესები ამ ფულს ვერ წაიღებენ.
– ანუ აქაც კორუფციული ინტერესი იკვეთება?
– რა თქმა უნდა, ასეა. დააწესეს ვადები და კალაძეს ვინც უნდა, მოახვედრებს ამ ვადებში. ყველაფერს გაუკეთებს იმ კომპანიებს, ვისთანაც არის დაახლოებული.
ასეთმა ხალხმა, პანდემიის დროსაც 2 მილიონი ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”. ჯერ რა სიგიჟეა, ხალხი მშიერი ამოწყდა და ამ დროს თურმე ბიზნესმენები მილიონობით ლარებით მირბოდნენ “ქართულ ოცნებასთან”, რომ დახმარებოდნენ. თან ვის, მილიარდერის პარტიას?!
– ზუსტად იცით, რომ ასეა?
– დიახ, ფაქტებით ვიცი, რომ ასეა. ამ პანდემიის დროს შესწირეს 2 მილიონი ლარი და რა ხალხმა შესწირა?! ტენდერებში მონაწილე კომპანიებმა და სამშენებლო ბიზნესმა. ეს ის ხალხია, რომლებსაც თეთრი ფულიც მიაქვთ შემოწირულობის სახით და შავი ფულიც.
ახლა მთავრობა გამოდის და გვეუბნება, რომ ნახევარი მილიონით ისევ ამათ უნდა დავეხმაროთ. ასე “ეხმარებიან” ერთმანეთს. ამ დროს კი უამრავი ადამიანია, რომლებსაც ლარითაც კი არ დახმარებიან. ადამიანს, რომელსაც 1.500 ლარიანი სამსახური ჰქონდა, ოჯახს ინახავდა, დღეს 200 ლარს აძლევენ და ხვალ რომ 300 ლარიანი სამსახური იშოვოს, ამ 200 ლარსაც აღარ ჩაურიცხავენ.
– ანუ, როდესაც ამბობენ, რომ 6 თვეზე გაიწერა 1.200 ლარი, თუკი სამსახურს იშოვი, დახმარება შეწყდება და გამოდის, რომ არ ეხმარებიან 1.200 ლარით?
– რა თქმა უნდა, ერთ თეთრსაც აღარ მოგცემენ. აქაც მოატყუეს ხალხი. ყველას უნდა დახმარებოდნენ. ხალხმა სამსახურები დაკარგა და ოჯახები დარჩა მშიერი. ყველაზე სასაცილო რა არის, იცით?!
– რა?
– საარსებო მინიმუმი არის 207 ლარიო და ადამიანებს ეხმარებიან 200 ლარით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთელი ამ პანდემიის დროს რა ვნახეთ? 31 ათას ლარიანი ნაგვის ურნის გახსნა, მილიონ 600 ათას ლარიანი გორგოლაჭებიანი სკამები წულუკიანისთვის, 2 მილიონი ლარის რემონტი შს სამინისტროში, გომელაურის კაბინეტისთვის, ნახევარი მილიონი ლარის მაჯის საათები – ღარიბაშვილისთვის…
უკაცრავად და ამ დროს ეს ხალხი გამოდის და სახლობანას თამაშობს. პრემიერმინისტრობანას თამაშობს გახარია, თორემ რანაირი პრემიერ-მინისტრია.
– პანდემიამ უშველა “ქართულ ოცნებას”, მისმა რეიტინგმა მოიმატა და არჩევნებსაც მოიგებს. ამაზე რას იტყვით?
– მე ეს შეფასება, სხვათა შორის, ოპოზიციურ ფლანგზეც მომისმენია და შიდა საუბრებშიც ყოფილა ამაზე ლაპარაკი. მე ყველას საჯაროდ მინდა ვუპასუხო. ამას ფიქრობს ის 15-20%, რომელიც „სვეცკად“ ზის სახლში, არც კაპუჩინო მოკლებია, არც ამერიკანო და პირდაპირი მნიშვნელობით არაკუნებს ლეპტობზე, რომ “აუუ, რა მაგარი კრიზისმენეჯერია გახარია”. ასეთი მაქსიმუმ 15%-ია, ხოლო დანარჩენი 85% არის შიმშილის ზღვარზე. ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში წავიდეთ და დაველაპარაკოთ თუნდაც 10 ადამიანს, ვნახოთ, რას იტყვის ეს ხალხი, რა მდგომარეობაშია. სულელები ხომ არა ვართ?! ხალხი შიმშილის ზღვარზეა!
– რას ელოდებით საარჩევნოდ, შეეცდება “ოცნება” გაყალბებას?
– არა მგონია, რომ გაყალბება შეძლოს, ამის არანაირი რესურსი აღარ აქვს. აღარანაირი მხარდაჭერა ევროპისა და ამერიკისგან. შიგნითაც არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვთ. მათი თანაგუნდელებიც კარგად ხვდებიან, რომ გემი იძირება.
დღეს გარდამავალ პერიოდში ვართ, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წავა. ამიტომ პირადად მე არანაირი მოლოდინი გაყალბების არ მაქვს. მათ ამის თავიც აღარ აქვთ. არც არავინ მისცემს ამის შესაძლებლობას.