ლევან ხაბეიშვილი – „კალაძე არჩევნების მერე პოლიტიკიდან წავა“

ლევან ხაბეიშვილი -  „კალაძე არჩევნების მერე პოლიტიკიდან წავა“„კალაძის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის, დაკავება იგეგმებოდა და კალაძემ ამ პირობით გადაათქმევინა“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
– ლევან, 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამ თარიღის გასაპროტესტებლად იკრიბებით. რაიმე ხელისშემშლელ ფაქტორებს ხომ არ ელით ხელისუფლების მხრიდან?
– 20 ივნისი არის ამ ხელისუფლების შავი ლაქა. ეს არის თვალების დათხრის დღე, ახალგაზრდებისთვის რეზინის ტყვიების სროლის დღე. გახარიაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ის იყო შინაგან საქმთა მინისტრი და იმის მაგივრად, რომ გაეშვათ, დააწინაურეს. მაგათ ჩამოიყვანეს გავრილოვი, დიდი პატივით მიიღეს პარლამენტში. ყოფილი პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლეს. მხარდამხარ იდგნენ გავრილოვი, კობახიძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ყველამ კარგად ვიცით, რა მოხდა ამ დღეს. დათხრილი თვალები ვიცით, თუმცა დღემდე არც ერთი ადამიანია დასჯილი და იდენტიფიცირებული არაა, ვინც ამ ახალგაზრდებს თვალები დასთხარა. რა შეეხება ხელის შეშლას, არა მგონია, რამის თავი ჰქონდეთ.
– რა მოცემულობაა ერთი წლის თავზე?
– ერთი წლის თავზე ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ გავრილოვის ჩამომყვანები და დამცველები კვლავ მაღალ თანამდებობაზე არიან და “ქართული ოცნების” სახეები დაწინაურებულები არიან. ხოლო ის ხალხი, ვინც ამ ანტისაოკუპაციო აქციაზე იყო, სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ. ნათელია ის რეალობა, რაშიც ვართ.
უკანასკნელ პერიოდში “ქართული ოცნება” ძალიან მიეჩვია ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების გალანძღვას. ისინი არ ერიდებიან, რომ ამერიკელ სენატორებს და კონგრესმენებს უწოდონ კორუმპირებულები. თურმე ნაციონალებმა მოისყიდეს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები. ხოლო რუსეთს და კადიროვს თუ ეხება საქმე, რამე ისეთი არ წამოგვცდეს, არ გავაღიზიანოთო.
მართლა ზედაპირზეა ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან ოფიციალური რუსეთის აგენტები. ეს ხელისუფლება დასრულებულია. გახარიას მარტო ია კერზაიას საქმე ეყოფა, გარდა 20 ივნისისა. ეს ქალბატონი პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილამდე გიორგი გახარიამ მიიყვანა.
– თქვენ გახარიას გადაყენებაზე საუბრობთ და გამოდის ინფორმაციები, რომ შესაძლოა სულაც სიის პირველ ნომრად ვიხილოთ. მასზე დებს ფსონს ივანიშვილი?
– ეს არის ცინიზმის უკიდურესი ფორმა. ივანიშვილი ფსონს უკვე ვეღარავიზე ვერ დადებს. ივანიშვილს თავის თავი გასჭირვებია. მას აინტერესებს ის, რომ მის ქონებას საფრთხე არ დაემუქროს. კონგრესმენები ამას ღიად წერენ და 13 კონგრესმენი მარტო 13 არ არის და მათ უკან 157 კონგრესმენი დგას.
– შეცდომაში ჰყავს ოპოზიციას შეყვანილი ამერიკელი კონგრესმენებიო.
– 8 წელია ეგენი არიან ხელისუფლებაში და ჩვენ როგორ შეგვყავს შეცდომაში. ამერიკელი კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს რომ მოუსმენს, რომელიც ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მოისყიდა კონგრესმენები და სენატორები, რაში სჭირდებათ ამაზე მეტი ინფორმაცია?! კობახიძეს რომ მოუსმენენ, ამის მერე რაღად უნდათ ჩვენი მიწოდებული ინფორმაცია, როცა ამერიკელებზე იძახის, რომ კორუმპირებულები არიან. კობახიძეს ყველა თავისნაირი ჰგონია.
– კორუმპირებული?
– დიახ. “ოცნებაში” ყველაფერი ფულით წყდება და აღებ-მიცემობაში არიან. ოდესმე გინახავთ, რომ რუსებზე რამე მსგავსი ეთქვათ?! გავრილოვი გვერდზე ედგათ, მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ და ამერიკელ კონგრესმენებს კორუმპირებულებს ეძახიან.
– პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. ოპოზიცია განხილვაში მონაწილეობს არ მიიღებს, რა მოლოდინი გაქვთ?
– რა თქმა უნდა, ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, რა დიდ გულზე იყვნენ ოქრუაშვილსა და უგულავაზე, მაგრამ მოუწიათ მათი გამოშვება. ორი დღის წინ გულში მჯიღს იცემდნენ და ორ დღეში მოუწიათ გამოშვება. განხილვებში ოპოზიცია მანამ არ მიიღებს მონაწილეობას, სანამ რურუა დაკავებული იქნება. სანამ შეთანხმება არ იქნება ბოლომდე შესრულებული.
შესაძლოა, ვიღაცას გიორგი რურუა არ მოსწონს პიროვნულად და კითხვა აქვს მასთან, პირობითად ვამბობ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა მას იარაღი არ ჩაუდეს. ეს იარაღი რომ ჩადებულია, ამაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ რურუა არის პოლიტიკური პატიმარი და ამაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად ლაპარაკობენ.
– ლევან, საუბარია, რომ გახარია და კალაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სერიოზულად. რას ვერ იყოფენ? კალაძის კორუფციონერობაზე თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ და ახლა სხვებიც საუბრობენ.
– ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი, ხალხის ქონებას ვერ ინაწილებენ. რაღაცა წილებში სხედან და არის გამიშვი და დამაკავე. რაც შეეხება კალაძეს, სერიოზული სკანდალია მის მოადგილესთან დაკავშირებით. რამდენი ხანია, ის საერთოდ არ გამოჩენილა. ირაკლი ხმალაძის დაკავება ჰქონდათ გადაწყვეტილი, კალაძის მოადგილის, ხმალაძის, დაკავება იგეგმებოდა და კალაძის პირადი თხოვნით ხმალაძე არ არის დაკავებული.
– კალაძემ გადაარჩინა მისი მოადგილე?
– ზუსტად ასე იყო და ამის გამო ბიძინა ივანიშვილთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდა. უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, გარანტიები მისცა ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ არჩევნების შემდეგ კალაძე საერთოდ წავა ამ სიტუაციიდან და სულ მოშორდება პოლიტიკურ აქტიურობას.
ყველასთვის გასაგებია ალბათ, ხმალაძის დაკავების შემთხვევაში ეს კორუფციული სქემები ვისთან მიდიოდა. კალაძე პირადად აეფარა ხმალაძეს, რომელიც საერთოდ გაქრა, რამდენიმე თვეა, საერთოდ არ გამოჩენილა, არადა ყველაზე აქტიური მერის მოადგილე იყო. გადამალეს პირდაპირი მნიშვნელობით.
ასევე, ვერც სიებს იყოფენ გახარია და კალაძე, ვერც ფულებს იყოფენ და აქვთ გამიშვი და დამაკავე. ქართველი ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ. რა ბიზნესი ვერ გადაინაწილეს, აი, ამაზე მიდის წეწვა-გლეჯვა. თუმცა ამ წეწვა-გლეჯვას ძალიან მალე ბოლო მოეღება.
2012 წლიდან რაც კი ქონება მიუთვისებია ბიძინა ივანიშვილს და მის ბანდას, ყველაფრის კონფისკაცია მოხდება და დაუბრუნდება მის აღმატებულება ქართველ ხალხს. ასობით საქმე დევს პროკურატურის თაროებზე, მარტო მე რაც შევიტანე კალაძის და სხვების წინააღმდეგ. ყველა საქმე დაბრუნდება ძიებაში და ნათელი მოეფინება. ნაძარცვი აქვთ ქონება პირდაპირი მნიშვნელობით და არავის არაფერი არ შერჩება.
– ლევან, ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც ვისაუბროთ. სერიოზული დაპირისპირებაა მაჟორიტარებთან დაკავშირებით. საუბრობენ, რომ ნაციონალებსა და „ევროპულ საქართველოს“ შორის არის დაპირისპირება.
– მოდით, ღიად და პირდაპირ ვთქვათ, არაფერი დასამალი არ არის. ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით და აღარ ვერევით მაგ მოლაპარაკებაში. ან დაპირისპირებაში ვისთან უნდა ვიყოთ? ჩვენ ვთქვით ორი ოლქი და მორჩა. დანარჩენ ოპოზიციას კი ვუთხარით, დასხედით ახლა და მოილაპარაკეთ.
– ანუ დანარჩენი ოპოზიცია ვერ თანხმდება?
– რა თქმა უნდა. ჩვენ რვიდან ვთქვით ორი კანდიდატი და ექვსზე შეთანხმდნენ დანარჩენები. ჩვენ ფიზიკურად არ ვმონაწილეობთ ამ მოლაპარაკებაში. ჩვენ რა შუაში ვართ?! მხოლოდ იმიტომ მოვიქეცით ასე, რომ ერთობა შედგეს. ესეც იმიტომ ვთქვით, რომ სრულად გაერთიანებაზე თავად ამბობენ უარს. იცით სააკაშვილის შეთავაზება და ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვიყავით.
ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ყველა ჩვენი ნაბიჯით დასტურდება. ახლა ვიღაცას პარტიული ჭმუნვები აქვს და მე ეს არ მინდა და ის არ მინდა, ამას ქართველი ხალხი თავადაც კარგად დაინახავს.
– შედგება ეს ერთობა?
– იმედი მაქვს. ჩვენ გავაკეთეთ ორი შეთავაზება. საერთო სიაზე ამბობენ უარს, მათი განცხადებით, ეს არ უნდათ და ძალიან ცუდი, რომ არ უნდათ. კარგი იქნებოდა, თუ ვიწროპარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებდნენ. სამწუხაროდ, ასე არ იქცევიან.
იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეთანხმება მაინც იქნება, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და თუ მაინც ვერ მოხერხდა, უკაცრავად, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა ნამდვილად არ იქნება.
მალე გამოჩნდება, ვინ არის ნამდვილად მებრძოლი და ვინ – ბიძინა ივანიშვილის კარზე გაურკვეველი თამაშების მოთამაშე!