მამუკა მდინარაძე – “20 ივნისი ნაციონალების ოფისთან უნდა გააპროტესტოთ”

მამუკა მდინარაძე - "20 ივნისი ნაციონალების ოფისთან უნდა გააპროტესტოთ"თუ სადმე უნდა გააპროტესტონ, უნდა გააპროტესტონ „ნაცმოძრაობის” ოფისთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და 20 ივნისს აქციის გამართვა მათ შეუძლიათ.

„ჩვენ გვაქვს მოსმენილი როგორც სააკაშვილის, ასევე მელიას, ოქრუაშვილის განცხადებები, რომლებიც სათითაოდ ყველა წარმოადგენს იმის აღიარებას, რა ხდებოდა 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში და პარლამენტს გარეთ. ამის შემდეგ ასევე ვნახეთ სახალხო დამცველის ძალიან კრიტიკული პოზიცია კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რომელმაც გაშიფრა რაციის ამონაწერები, იყო თუ არა მსგავსი ბრძანება, რომ გასროლა მომხდარიყო და ა.შ. ფაქტები გვეუბნება, რომ ოპოზიციის ნარატივი არის მოგონილი და თუ სადმე უნდა გააპროტესტონ, უნდა გააპროტესტონ „ნაცმოძრაობის” ოფისთან, სადაც დაიგეგმა და სადაც პასუხისმგებლობაც კი აიღეს ქმედებაზე და დამდგარ შედეგზე. ეს იყო დანაშაული და არ არის შემთხვევითი ის ბრალდება და განაჩენი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს წაეყენათ და რომელიც იყო სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების პოზიცია,”- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ვარაუდობს, რომ აქციაზე ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის” აქტივი იქნება, თუმცა, თუ იქ „გულწრფელი ადამიანებიც” მოხვდებიან, მათ უნდა იცოდნენ, რომ 20 ივნისის ღამეს იქ განხორციელებულ ქმედებებსა და შედეგზე ოპოზიციაა პასუხისმგებელი.

„გულწრფელი ადამიანების გასაგონად, რომელიც კიდევ შეიძლება იქ მოხვდეს ვიტყვი, რომ სააკაშვილით დაწყებული, მელიათი და ოქრუაშვილით დამთავრებული ყველამ აღიარა, სინამდვილეში რით იყვნენ დაკავებული ისინი“, – განაცხადა მდინარაძემ.

იპნ