მასობრივი ჩხუბი ნარეკვავის აგარაკზე სადღეგრძელოს 1 სიტყვას მოჰყვა – ტრაგედიის ახალი დეტალები

მასობრივი ჩხუბი ნარეკვავის აგარაკზე სადღეგრძელოს 1 სიტყვას მოჰყვა  - ტრაგედიის ახალი დეტალებიარც გამოკვეთილი დამნაშავე და არც 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების გარემოება – გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე ჯერ ვერ მიდის, მაგრამ წრე ვიწროვდება. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ყოველდღიურად ცნობილი ხდება ახალი დეტალები, რომლებსაც გამოძიება საბოლოო პასუხამდე მიჰყავს – როგორ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგაზრდის სხეული მდინარეში. ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინი ჯერ გრძელდება, თუმცა დღეს მცხეთაში მომხდარი ჩხუბის რამდენიმე საინტერესო დეტალი გახმაურდა. ირკვევა, რომ კონფლიქტი დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილ თანატოლებს შორის სუფრაზე დაიწყო.

საბედისწერო სადღეგრძელო უდიდესი ტრაგედიის მიზეზი აღმოჩნდა. თვითმხილველების მონაყოლით, ერთი სიტყვა აღმოჩნდა რომელმაც დაპატიჟებულ სტუმრებში უკმაყოფილება გამოიწვია. ნაქირავები აგარაკის ტერიტორიაზე დაწყებული ჩხუბი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ათობით ადამიანი დაზარალდა, თანატოლებს შორის კონფლიქტი კი ბოლოს ტრაგედიით დასრულდა.

“რაც ვიცი, იმდენად უაზრო მიზეზია, სასაცილოდაც კი არ მყოფნის, რაღაც სადღეგრძელოს გამო, გამოეკიდნენ სიტყვებზე, მიზეზი იმდენად სასაცილოა, არ ვიცი რა. ამის გამო ამხელა ამბავი. კი, გამიზნული არ იყო მკვლელობა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ წავიდნენ, ტიპები, ჩამოიყვანეს”, – უთხრა მთავარ არხს სუფრაზე მყოფის ახლობელმა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ორი დღეა უამრავი ადამიანი გამოიკითხა, თუმცა ამ დრომდე გაუკვეველია ახალგაზრდა ფეხბურთელი მოკლეს თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. წვეულების ერთ-ერთი სტუმრის მშობელი შვილის მონაყოლს დღეს “მთავარ არხთან” იხსნებს და ამბობს, რომ გარდაცვლილი ბიჭი კონფლიქტის მონაწილე არ ყოფილა.

საქმეს რამდენიმე ფიგურანტი ჰყავს, მათ შორის, იმ ავტომანქანის მფლობელები, რომელთა იდენტიფიცირებაც სათვალთვალო კამერებით მოხდა. დღეს ნაძალადევის რაიონში ორ სახლში ჩხრეკა მოულოდნელად ჩატარდა, საიდანაც ნივთმტკიცების სახით პირადი კომპიუტერები წაიღეს, თუმცა სახლის მეპატრონის უფლებადამცველი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ჩხრეკა უკანონოდ და საგამოძიებო უწყებები ცდილობენ კონფლიქტში არ არსებული პირების ხელოვნურად ჩართვას.

გამოკითხვაზე დღეს იმ აგარაკის მეპატრონეც იმყოფებოდა, რომლის სახლშიც ახალგაზრდებს შორის ინციდენტი მოხდა. დღეს სახლის მეპატრონემ თავდაპირველად პოლიციაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ყოფნა უარყო, თუმცა ბოლოს აღიარა რომ აგარაკი თავად არ მიუქირავებია ახალგაზრდებისთვის და პოლიციაში მის ახლობელს გამოყვა.

19 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა, დღეს დაკრძალეს. ახალგაზრდა სპორტსმენის ოჯახი ახლა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც დღეს შვიდი ახალგაზრდა გამოკითხეს, დასკვნას 10 დღეში დადებენ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჯერ საგამოძიებო უწყებებს გამოკვეთილი დამნაშავე არ ჰყავს, შესაბამისად მთავარი კითხვა, რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა, უცნობია. ექსპერტიზის დასკვის შემდეგ გახდება ცნობილი, 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები სიცოცხლეში აქვს მიყენებული თუ გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვლილის ახლობლების მთავარი ინტერესი ახლა ერთ საკითხზეა – დაადგინონ ხომ არ გადააგდეს მდინარეში სპორტსმენის ცხედარი, რომელსაც მდინარე არაგვში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მთავარი არხი