“მე ეს იარაღი ჩამიდეს და თქვენ ეს იცით” – გიორგი რურუას საქმის განხილვა 3 ივნისს გაგრძელდება

"მე ეს იარაღი ჩამიდეს და თქვენ ეს იცით" - გიორგი რურუას საქმის განხილვა 3 ივნისს გაგრძელდებაგიორგი რურუას საქმეზე მოსამართლემ დღეს სამი მოწმის ჩვენება მოისმინა. ორი ექსპერტის გარდა, დაიკითხა ის პირი, რომელმაც ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აუღო დნმ-ის ნიმუში.

დღეს სხდომაზე რურუას ადვოკატებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

მოსამართლეს სიტყვით  თავად ბრალდებულმაც მიმართა. გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას იარაღი ჩაუდეს და ეს ყველამ კარგად იცის.

“თქვენ ყველაფერს აკეთებთ შეგნებულად, რომ აცილება გავაკეთოთ თქვენი. გასაგებია, რომ ჩიხშია მართლმსაჯულება და საერთოდ, მთავრობა და მართლმსაჯულება, ბრალდების მხარე, ახლა არის ერთი ჩვენს წინააღმდეგ. თქვენ არ გვაძლევთ იმის უფლებას, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. ეს დანაშაული მოხდა პოლიციის მხრიდან, მე ეს იარაღი ჩამიდეს და დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს ყველაფერი იცით, თქვენს გულში იცით, რომ ეს ასეა. ეს სისტემა არის ძველი, დაჭაობებული და თქვენ აი, ამ სისტემის სამწუხაროდ, ნაწილი ხართ და ვერ მიდიხართ ამის წინააღმდეგ”, – განაცხადა რურუამ.

საქმის განხილვა 3 ივნისს გაგრძელდება.

“დაიკითხა 2 ექსპერტი, ასევე დაიკითხა საქმის გამომძიებელი. გამომძიებელმა აღწერა ის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები თუ რა ვითარებაში ჩატარდა. ასევე ექსპერტმა ისევ დაადასტურა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით, რომ  იარაღის ნომერი აღნიშნული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შიგთავსში და მხოლოდ მისი დაშლის შემთხვევაში იყო შესაძლებელი ნომრის წაკითხვა,” – განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

რუსთავი 2