გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის ვასილ მახარაძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ვასილ მახარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითა და 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულისთვის წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ბრალდება თავისუფლების აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ვასილ მამულაშვილის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვასილ მახარაძე, ბრალს არ ეთანხმება.
“ვასილს მახარაძეს ბრალდება წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულისთვის, რაც ითვალისწინებს და ზოგადად ეს ნორმა მოიცავს, პასუხისმგებლობას თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფური ძალადობისთვის. ცხადია, ბრალს არ ეთანხმება. ჩვენ თავიდანვე მოლოდინი გვქონდა, რომ ეს ბრალდება იქნებოდა, ვინაიდან დაკავების განჩინებაშიც დასაბუთება იყო ამ შესაძლო ბრალდებასთან დაკავშირებით. თავს უდანაშაულოდ ცნობს. ჩვენ გავეცნობით მტკიცებულებებს და უკვე ამის შემდგომ გვეცოდინება რამდენად დასაბუთებულია თუ დაუსაბუთებელი ეს ბრალდება ბრალდების გადმოსახედიდან, ვინაიდან ჩვენ, დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ არანაირი მტკიცებულებები ბრალდების დასადგენად ფიზიკურად ვერ იქნება”,-განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
იპნ

