“მთელი ცხოვრება ფსიქიური ზეწოლის ქვეშ გავატარე” – ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა

"მთელი ცხოვრება ფსიქიური ზეწოლის ქვეშ გავატარე" - ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდავარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ალექსანდრე ივანოვის განცხადებით, ის მთელი ცხოვრება ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

ამის შესახებ მან 8 ივნისს სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ძალიან მრცხვენია. დედა ხუთჯერ „რეციდივისტზე” გათხოვდა, რომელმაც ისეთი მონაწილეობა მიიღო ჩემ აღზრდაში, ხან დალურჯებული ვიყავი, ხან სულ შიშში გავატარე. ამ სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა მქონდა. სულიერი მდგომარეობა არ მქონდა კარგად, ამას ვაღიარებ.

ვიცოდი, რომ ჩემი დალევა არ შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება ფსიქიური ზეწოლის ქვეშ გავატარე. ვაღიარებ, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა, რაც მოხდა. დამამშვიდებელ და დამაწყნარებლებს ვსვამდი, ვიცოდი, რომ დალევა არ შეიძლებოდა ჩემთვის”,- განაცხადა ივანოვმა.

სასამართლოზე ალექსანდრე ივანოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.

სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა. საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ივანოვს პოლიციელებზე თავდასხმასთან ერთად ხულიგნობასა და ოჯახში ძალადობასაც ედავებიან.

ჭიტაძის თქმით, ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გამოკითხული მოწმეები არ საუბრობენ, თუმცა, თავად ივანოვის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს გამოძიების ეტაპზე უცნობია. არცერთი გამოკითხული მოწმე არ ამახვილებს ყურადღებას მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, თუმცა, ბრალდებულის დღევანდელი სიტყვიერი გამოსვლიდან გამომდინარე, მის მიმართ აუცილებლად ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

ბრალდებული ალკოჰოლურის თრობის ზემოქმედების ქვეშ უმისამართოდ ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, უპატივცემულობა გამოხატა საზოგადოების მიმართ და ასევე, შეტყობინების საფუძველზე გასულ პოლიციის თანამშრომლების სამსახურეობრივ ავტომანქანას გაუხსნა ცეცხლი.

მას ასევე ბრალი ედება მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფისთვის, რამაც მისი მეუღლის ტანჯვა გამოიწვია.

ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ასევე ოჯახში ძალადობას და პოლიციელზე თავდასხმას”, – განაცხადა პროკურორმა ჭიტაძემ.

5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო