მცხეთასთან აგროქიმიკატების გადამზიდი სატვირთო გადაბრუნდა

მცხეთასთან აგროქიმიკატების გადამზიდი სატვირთო გადაბრუნდარამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით გადაადგილდებოდა ავტოტრანსპორტი მცხეთის მახლობლად, ავტობანზე. შეზღუდვა ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია. გზის სავალი ნაწილიდან აგროქიმიკატების გადამზიდი სატვირთო გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. ის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სასწრაფოს ეკიპაჟმა რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა. მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა ზედა კიდურის არეში. ამ დროისთვის ის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და კლინიკიდან დღის ბოლომდე გაეწერება.

“ბორან სოფქიმიას” დირექტორის, გია კორძაძის განცხადებით, მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა, რის შედეგადაც ტრანსპორტი გადატრიალდა.

“დაზღვეულია ტვირთი და რა რაოდენობის არის დაზიანებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს, ჩვენ ჯერ არ ვიცით. მძღოლს ალბათ ჩაეძინა და გადაბრუნდა. ბევრი წელია ვთანამშრომლობთ მაგ კომპანიასთან და პრობლემა არ გვქონია არასდროს,” – განაცხადა გია კორძაძემ.

მძღოლების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა ტრასაზე ორმოებმა გამოიწვია. მათივე თქმით, ჩქაროსნულ ავტობანზე მსგავსი ორმოები სახიფათოა.

“ეს ავარია მოხდა გზის გამო, ორმოების გამო. ვერ ააცილა თუ რა იყო, თორემ ჩვენც მძღოლები ვართ და დიდ მანქანებზე ვმუშაობთ. ეგ ყველაფერი არის საგზაოს ბრალი,” – აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი ზაქარია ხორდელი.

რუსთავი 2