ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
ვუთხარით, რომ არ გვაქვს სურვილი, მივიდეთ და იქ გამოიკითხოს ნიკა გვარამია. შესაბამისად, თუკი უსაფრთხების სამსახურს აქვს ამის სურვილი, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოში გამოვცხადდებით და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება ნიკა გვარამიას დაკითხვა. რა კითხვები შეიძლება ჰქოდეთ, ამის თაობაზე ჩვენთვის წინასწარ ცნობილი არ არის. ჩვენი პოზიცია რატომაც გვირჩევნია სასამართლოში დაკითხვა, განპირობებულია უნდობლობით სამართალდამცავი უწყებების მიმართ”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ცნობისათვის, როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ, ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, კადიროვის მოთხოვნით გეგმავდა.
მისივე ინფორმაციით, გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მიზეზი მის მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული უცენზურო განცხადება იყო.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვარამია გამოკითხვაზე დღეს დაიბარა.

