უკომპრომისო ბრძოლაში ვარკეთილის ბაზრობის მოწილეები მას შემდეგ შევიდნენ, რაც კუთვნილი პროცენტების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ. მრავალწლიანი დაუსრულებელი დავისა და დაპირისპირების მიუხედავად, კონფლიქტი ამ დრომდე ამოწურული არ არის.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვარკეთილის ბაზარს ამ დროისთვის 8 კანონიერი მფლობელი ჰყავს, თუმცა 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ბაზრობის ნაწილს ყადაღა დაედო. მუდმივი ბრძოლისა და დაპირისპირების ფონზე, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ, საგამოძიებო ორგანომ შესაძლოა თავად ბაზრობის მფლობელებიც გამოკითხოს.
ვარკეთილის წილებზე დაწყებულმა დავამ, 2018 წლის 21 მარტს, 15% წილის მფლობელი ნუგზარ კახიძე იმსხვერპლა. საკუთარ სახლში მოკლული ბიზნესმენის საქმე შეკვეთილი და ამ დრომდე გაუხსნელია. კახიძის მკვლელობაში ბრალდებული გია ჩოფლიანი გამოძიებამ ამ დრომდე ვერ დააკავა, მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ვარკეთილის ბაზარში გაჩენილი ხანძარი, შესაძლოა ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმისა და მოწილეებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგი იყოს – ამას არც მოკლული ბიზნესმენის შვილი, კახაბერ კახიძე გამორიცხავს. ამბობს, რომ ყველა დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს.
კონფლიქტი რომ ამოწურული არ არის, ამაზე ღიად საუბრობენ, სხვა მოწილეებიც. მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლოშია, მხარეები კონფლიქტის დასრულებას მაინც არ გეგმავენ. ყველაზე დიდი, 30 %-იანი წილის მფლობელი, თემურ პირველი, ყოფილ მოწილეებს დაუსრულებელი დავების წარმოებაში ადანაშაულებს. ნუგზარ კახიძის მკვლელობასთან, გამოძიების დასრულებამდე პარალელების გავლება უჭირს.
ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის შეკვეთილი მკვლელობის შემდეგ, გამოძიებამ ბაზრობის ყველა მოწილე გამოკითხა. საგამოძიებო უწყება იმის დადგენა ცდილობდა, რა კავშირი ჰქონდა მფლობელებს შორის დავას, ნუგზარ კახიძის მკვლელობასთან. საგამოძიებო ორგანოებმა 2018 წელს ამ საქმეებს შორის კავშირი ვერ იპოვნეს, საქმე კი მალევე გახსნეს, ერთადერთ დამნაშავედ დაქირავებული ქილერი გამოაცხადეს, თუმცა ამ საქმის შემდგომაც მხარეთა შორის დავა არ დასრულებულა.
ერთ-ერთი ვერსიით, ვარკეთილის ბაზრობის მეწილეებს შორის დავას “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის საადვოკატო ბიურო აგვარებდა. დეპუტატს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს.
ვარკეთილის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ყველა კითხვას საგამოძიებო ორგანომ უნდა უპასუხოს. უცნობია, როდის გამოიკითხებიან ბაზრობის წილის მფლობელები.
უახლოეს ხანებში კი უნდა დაიდოს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.
მთავარი

