“ოცნების” დეპუტატ გიორგი ჭინჭარაულს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდება წარედგინა

"ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭინჭარაულს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდება წარედგინასოფელ გამარჯვებაში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გიორგი ჭინჭარაულს  ბრალდება წარედგინა.

გიორგი ჭინჭარაული სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატია “ქართული ოცნებიდან”.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს შს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 7 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში გ.ჭ.-ს მისივე თანასოფლელებთან, ძმებთან გ.ჭ.-სთან და მ.ჭ-სთან შელაპარაკება მოუხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. აღნიშნულის შემდეგ გ.ჭ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა მოგვიანებით მომხდარის შედეგად განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს დაუწყო ძებნა, რის შემდეგაც მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ.ჭ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს გულმკერდის და მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. გ.ჭ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ მიმართა სასამართლოს გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

იპნ