პროკურატურამ რუსეთის მოქალაქე ვ.ლ.-ს ბრალი წაუყენა

პროკურატურამ რუსეთის მოქალაქე ვ.ლ.-ს ბრალი წაუყენაპროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ. და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ.-მ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ.ლ-მ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით მიღებაში სთავაზობდა დახმარებას. რეალურად ვ.ლ-ს მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეეძლო, იგი დაზარალებულებს მოტყუებით არიცხინებდა ფულად თანხებს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული სქემით, 2017 წლის განმავლობაში, ვ.ლ. მოტყუებით დაეუფლა არარეზიდენტი პირების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ვ.ლ. მათი წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ათავსებდა მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა საბანკო ოპერაციების გზით განკარგავდა.

ამ გზით, ვ.ლ.-მ პირადად და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით მოახდინა 255.782,2 აშშ დოლარის, 22.400 ევროს და 16.500 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიების მსვლელობისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის მიზნით, დაყადაღებულია სამი საცხოვრებელი ბინა, სამი ავტოფარეხი, ორი ავტომანქანა, 19.920 აშშ დოლარი და 1.786 ლარი.

2020 წლის 2 ივნისს, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ხოლო ვ.ლ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ვ.ლ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.