რამაზ საყვარელიძე – “წულუკიანი “ქართული ოცნებისთვის” ისევ შეუცვლელი იქნება”

რამაზ საყვარელიძე - "წულუკიანი "ქართული ოცნებისთვის" ისევ შეუცვლელი იქნება"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ხმები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ნომრად თეა წულუკიანის დასახელებაზე? შეიძლება, ძველ სახეებზე გააკეთოს აქცენტი მმართველმა პარტიამ?
– თეა წულუკიანს მძაფრად უპირისპირდება ნაციონალური მოძრაობა. შეიძლება, ამან გარკვეული როლიც კი ითამაშოს იმაში, რომ წულუკიანი ისევ შეუცვლელი ფიგურა იყოს მმართველი პარტიისთვის.
– რომან გოცირიძემ განაცხადა, 10% ფორა იქნება ოპოზიციისთვისო.
– ნაციონალები დაბეჯითებით ითხოვდნენ წულუკიანის შეცვლას, მაგრამ შეიცვალა?! ამიტომ, თუ ეს აქცენტი კვლავ გაგრძელდება, გარანტიას გაძლევთ, წულუკიანი ისევ შეუცვლელი იქნება “ქართული ოცნებისთვის”.
– ასევე ამბობენ, რომ გიორგი გახარია სამეგრელოში იქნება მაჟორიტარი კანდიდატი. უშვებთ ამას?
– ნაკლებად, რადგან გიორგი გახარია რეიტინგული ფიგურაა და ამიტომ ის უფრო საარჩევნო სიის პირველ ათეულში იქნება წამყვან პოზიციაზე. უპრიანია, ის იყოს სიაში. მაჟორიტარული არჩევნები პარტიას არაფერს აძლევს, რადგან ერთი კაცი გადის, სია კი მნიშვნელოვანია. გიორგი გახარია “ოცნებისთვის” დღეს დივიდენდია და ის სიაში უფრო სჭირდებათ, ვიდრე ნებისმიერ მაჟორიტარულ ოლქში. ეს უფრო გონივრული ნაბიჯი იქნებოდა მმართველი პარტიის მხრიდან.
– სიის პირველი ნომერი შეიძლება ივანიშვილი თავად იყოს თუ გამორიცხავთ?
– პრაქტიკულად, გამოვრიცხავ. ივანიშვილი ინარჩუნებს იმ მინიმუმს, რითაც გარკვეული პროცესების კონტროლი შეუძლია. ამიტომ გამოვრიცხავ მის პირველნომრობას, არც არის ამის საჭიროება. როცა დაინახა საჭიროება, როგორც თქვა, როდესაც გაუჭირდა პარტიას, დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარე გახდა.
ახლა “ოცნებას” ცუდად საქმე ნამდვილად არ აქვს. მით უფრო, პანდემიის ფონზე მმართველი პარტიის მდგომარეობა ისე არ გამოიყურება, რომ მაშველი რგოლი დასჭირდეს ივანიშვილის სახით.
– თუ დასჭირდება, კვლავ აქტიურად ჩაერთვება პროცესებში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თუ იმ დონეზე არ უნდა პოლიტიკა, როგორი შედეგიც არ უნდა დადოს “ოცნებამ”, ეს იქნება რეალობა, რომელსაც შეეგუება?
– ამას ნამდვილად გამოვრიცხავ, რადგან მან პოლიტიკაში მთელი ძალისხმევა ჩადო და, თუკი დასაღუპად იქნება საქმე და ამ ძალისხმევას საფრთხე დაემუქრება, მაშინ, რა თქმა უნდა, დაბრუნდება.
– მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკა მისთვის ტვირთია?
– გეთანხმებით, ამბობს, რომ პოლიტიკა ტვირთია, მაგრამ სამშობლოა ტვირთიო, არასდროს უთქვამს.
– რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებაზე საუბრობს. – თუ რურუა არ გათავისუფლდება, მაშინ შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება და ეს იქნება ივანიშვილის ბრალი, – ამბობს გიგა ბოკერია.
– ოპოზიციის პოლიტიკური მოუმზადებლობა ჩანს ამ ყველაფერში. ისინი პოლიტიკურ ბრძოლაში კი არ არიან ჩაბმული, პიროვნულ ბრძოლაში არიან კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან. ამიტომ გაფლანგეს თავის დროზე უზარმაზარი რეიტინგი, რომელიც ჰქონდათ.
არასწორია მთელი მათი ტაქტიკა. რეგიონებში რომ გავიდნენ, პირდაპირი კომუნიკაცია რომ ჰქონდეთ ხალხთან, შეიძლება, შეიცვალოს მათი რეიტინგი, მაგრამ მათ მთელი რიტორიკა აგრესიაზე ააგეს. სწორედ ამ აგრესიულობას უთხრა თავის დროზე საქართველომ უარი. რა უცნაური ხალხია, აქედან მაინც გააკეთონ დასკვნა.
– ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ?
– დიახ, წინა ხელისუფლებაზე, იმ ჯგუფზე, რომელიც ახლა ოპოზიციაშია. ეს აგრესიულობა წამგებიანია, ამდენი ხანი ხომ უნდა მიხვდნენ ამას. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად მოუმზადებელია. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, პოლიტიკურად არ არიან ადეკვატური. უფრო იმპულსურად მოქმედებენ, ვიდრე რაციონალურად. უფრო ემოციაზე აკეთებენ აქცენტს, ვიდრე შინაარსსა და რაციონალიზმზე, ეს კი პოლიტიკა ნამდვილად არ არის.
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, სწორედ ამ არარაციონალიზმიდან გამომდინარე, მათი იმპულსურობიდან გამომდინარე, მე არ გამიკვირდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ, თუმცა, შეიძლება, ეს მოცემულობა მათ აწყობთ, სწორედ იმ აგრესიულობიდან გამომდინარე, რომელზეც ისინი მთელ აქცენტს აკეთებენ.