თსუ-ს ლექტორი, მწერალი და მხატვარი ინგა მილორავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე იყო, მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც განვითარდა სეფსისი და რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის ლექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მკურნალობისთვის თანხების შეგროვება მისმა სტუდენტებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წევრებმა დაიწყეს.
“ფეისბუქზე” სპეციალური საქველმოქმედო გვერდიც შეიქმნა, რომელიც მწერლის გადასარჩენად თანხას აგროვებდა. მკურნალობის ხარჯები შეგროვდა კიდეც, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ინგა მილორავა დღეს გარდაიცვალა.
ნინო წულაიამ ინგა მილორავას შესახებ ფეისბუქში დაწერა:
“რამდენიმე დღის წინ წერილი მივწერე. მთელი ჩემი დადებითი ემოციები, მთელი ჩემი მოლოდინი ჩავატიე სიტყვებში და მივწერე… როგორ მჯეროდა, რომ წაიკითხავდა, როგორ მჯეროდა, რომ მიპასუხებდა… ვწუხვარ, რომ ვეღარ წაიკითხავს, ვეღარ მიპასუხებს… 😥
რომელიღაც ზღაპრული სამყაროს გმირივით იყო ჩემთვის და სულ, სულ ასეთად დარჩება… 💛”