სასამართლომ გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში დატოვა“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებული გიორგი რურუა სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

რურუას გათავისუფლებაზე იყო დამოკიდებული, დაუჭერდა თუ არა ოპოზიცია მხარს საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა “სირცხვილიას” ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო. შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ელჩების ჩართულობით მიაღწიეს, მოიცავს როგორც საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ოპოზიცია აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყო გიორგი რურუაც.