შალვა შავგულიძე: “ჩვენ და “ევროპული საქართველო” ბლოკით გამოვალთ არჩევნებზე”

შალვა შავგულიძე: "ჩვენ და "ევროპული საქართველო" ბლოკით გამოვალთ არჩევნებზე"იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, თბილისის 6 ოლქში მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. ოპოზიციის სახელით ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, გლდანში – ნიკა მელია, სამგორში – ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ხოლო ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. მათ ამ დროისთვის ღიად დატოვეს თბილისის ორი ოლქი – საბურთალო და ჩუღურეთი.
ოპოზიციური შეთანხმების დეტალებისა და იმის შესახებ, პარტიული სიით რა ფორმატით გამოვა მისი პარტია, “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი და ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძე საუბრობს.
– ოპოზიციამ მაჟორიტარებზე შეთანხმების პირველ ნაწილს მიაღწიეთ, გილოცავთ. თქვენ ხართ ერთ-ერთი კანდიდატი. თქვენ ამ შემთხვევაში წარმოადგენთ “თავისუფალ დემოკრატებს” თუ “ევროპულ საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ბლოკს?
– ჯერჯერობით აქ მოხდა კონკრეტული პირების შერჩევა და ბლოკები ჯერ არ არის შექმნილი, ვინაიდან ამის ფორმალიზების დრო ჯერ არ დამდგარა და ეს პროცედურა ჯერ არ დაწყებულა. წარმოდგენილი ვარ, როგორც “თავისუფალი დემოკრატების” მხარდაჭერილი კანდიდატი.
რაც შეეხება ჩვენს პარტიულ გეგმებს, როგორც “თავისუფალი დემოკრატები”, ასევე “ევროპული საქართველო” ისევ ვფიქრობთ, რომ ბლოკით წარვდგეთ ამ არჩევნებში, თუმცა, როგორც გითხარით, ამის ფორმალიზების დრო ჯერ არ დამდგარა. თუმცა ვფიქრობთ, რომ ხელს არაფერი შეგვიშლის, რომ ეს მოხდეს.
– ანუ მხოლოდ ფორმალური მხარე დარჩა ამის გაფორმებისთვის?
– ეს განზრახვა გვაქვს და სურვილი ორივე პარტიას გაგვაჩნია, რომ ისევ ერთობლივი ბლოკით გამოვიდეთ ამ არჩევნებზე, როგორც ეს გავაკეთეთ 1 წლის წინ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში.
– მთაწმინდაზე ოპოზიციის საერთო კანდიდატად თქვენი დასახელება თქვენი სურვილი იყო თუ კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი, თუნდაც შუალედურ არჩევნებში თქვენი ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, როდესაც მეორე ტურში გახვედით?
– თუ არ იქნება თვითონ კანდიდატის სურვილი, ამაზე მსჯელობას არავინ დაიწყებს და არავინ აიძულებს ამ ადამიანს, რომ მონაწილეობა მიიღოს. ეს იყო ჩემი სურვილი, გამოითქვა პოზიციები და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. იქამდე კი პარტიაშიც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დაგვეყენებინა ეს საკითხი. ეს იყო მხარდაჭერილი ჯერ ჩვენი პარტნიორების მხრიდან “ევროპულ საქართველოში” და შემდეგ საერთო ოპოზიციურ სპექტრშიც იყო მხარდაჭერილი. მხედველობაში მაქვს ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ვიკრიბებით ლეიბორისტების ოფისში. მადლობა მინდა ვუთხრა კოლეგებს ამ ნდობისთვის.
– ალეკო ელისაშვილმა თქვა, თუ მაისში ვერ მოიგო, ოქტომბერში როგორ მოიგებსო და ანა დოლიძეც მოუგებს და ლევან კობერიძეცო. რას უპასუხებთ მას?
– არ ვიცი, პირველად მესმის.
– მთავარი არხის ეთერში გააკეთა ეს განცხადება.
– ოპოზიციის ოპოზიციონირება სწორად არ მიმაჩნია. ვუყურე მის ეთერს ხუთშაბათსაც, სადაც ოპოზიციის მაგიდას ცოტა ზედმეტად აკრიტიკებდა. ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. აღდგომა და ხვალეო, მოდით დაველოდოთ, შევხედოთ. ყველა თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და ყველას შეუძლია ისე მოიქცეს კანონის ფარგლებში, როგორც მას მოესურვება. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ დააყენონ საკუთარი გუნდის კანდიდატურა, მივიღებთ ამ გამოწვევას და დანარჩენი გადაწყვიტოს მთაწმინდელმა ამომრჩეველმა.
– დარჩენილ ორ ოლქში რატომ არ დაასახელეთ, ჯერ კიდევ არ არის მიღწეული შეთანხმება?
– ამ ორ ოლქზე ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია და არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთში მაინც არა პოლიტიკოსი, არამედ საზოგადოებრივი პერსონა წარვადგინოთ. ამით კიდევ უფრო ფართო ფრონტით ვიქნებით წარდგენილები ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ.
– მსჯელობთ ვინმეს შესახებ?
– არის მოსაზრებები, მაგრამ ჯერჯერობით რომელიმე კანდიდატზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის, მაგრამ ალბათ დიდხანს ასეც არ გაგრძელდება.
– მეორე ოლქში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს ხომ არ უნდა ველოდოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ნათქვამი იყო, რომ მისი კვოტით ორი კანდიდატი იქნებოდა?
– ამას ვერ გეტყვით ახლა, როგორ იქნება ეს გადაწყვეტილი, ვინაიდან იქ გადაწყვეტილება მიიღება სრული შეთანხმების პირობებში. ამ 6 კანდიდატზე აბსოლუტური შეთანხმება იყო. მაგიდის ყველა წარმომადგენელი შეთანხმდა. ასევე მოხდება იმ ორზეც.
– თბილისს გარეთაც ხომ არ უნდა ველოდოთ რამდენიმე ოლქში საერთო კანდიდატების დასახელებას?
– რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერჯერობით კონცენტრირება თბილისზე კეთდება, თუმცა სასურველია, რომ თბილისს გარეთაც მოხდეს, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დონეზე, კოორდინირების დონეზე მაინც იყოს მიღწეული შეთანხმება. ესეც ჩამოსაყალიბებელია, მაგრამ ამ მხრივ მაინც უნდა მოხდეს ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმება. იმ პარტიებს ვგულისხმობ, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში ვიკრიბებით. საკმაოდ ეფექტურად იმუშავა ოპოზიციამ, ჯერ დაიწყო იმით, რომ გადაგდების მიუხედავად, ხელახალ შეთანხმებას მივაღწიეთ ხელისუფლებასთან, მართალია ჯერ არ არის შესრულებული, მაგრამ შეთანხმებას მივაღწიეთ, ასევე ამის დამსახურებაა ორი პოლიტპატიმრის ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გამოშვება. ეს ყველაფერი ერთად ყოფნის დამსახურებაა.
– მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ წარდგენილი კანდიდატებით ოპოზიცია ხელისუფლებას ეხმარება გამარჯვებაში. რა პოლიტიკა წამოიწყეს ამ განცხადებებით?
უბრალოდ ვერ ვხვდები, სად არის ლოგიკა. მეც მოვისმინე, რომ თქვეს, კარგია თუ შეთანხმდნენ, ყველას ერთად დავამარცხებთო, მაგრამ ლოგიკა სად არის, როცა ყველა პარტია მოუწოდებს თავის ამომრჩეველს, რომ ამ კანდიდატს მხარი დაუჭირეთო? ეს გარემოება რანაირად უადვილებს ოპოზიციურ კანდიდატებთან დაპირისპირებას, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. ეს არის ლოგიკას მოკლებული და ეს არის მამუკა მდინარაძის სურვილი, რომ ასე იყოს.
სტუდენტობის დროს საგანს ლოგიკას როდესაც ვსწავლობდით, იქ არის ასე, რომ არის შინაარსობრივი მსჯელობა, მაგრამ ლოგიკას მოკლებულია. დავუშვათ, თბილისში კარგი ამინდია და რახან კარგი ამინდია, ესე იგი ნიუ იორკი კარგი ქალაქია. დაახლოებით ასეთი ლოგიკაა მამუკა მდინარაძის ამ განცხადებაშიც.