შავი ტოიოტას მძღოლი და მგზავრი, რომლითაც გუკა ამირხანაშვილი წაიყვანეს, პოლიციაში მეორედ დაიბარეს

შავი ტოიოტას მძღოლი და მგზავრი, რომლითაც გუკა ამირხანაშვილი წაიყვანეს, პოლიციაში მეორედ დაიბარესფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის პოლიციის შენობაში ორი მოწმე გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მოწმის სახით გამოსაკითხი პირების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

აღნიშნული პირები შავი ფერის “ტოიოტა კამრის” მძღოლი და მგზავრი არიან, რომლებიც სათვალთვალო კამერამ ნატახტრის ტერიტორიაზე დააფიქსირა. სწორედ აღნიშნულმა მანქანამ დატოვა ერთ-ერთ მეტროსადგურთან ე.წ. ოქროს მოწმე.

“მათი დაბარება განმეორებით მოხდა, ეს ადამიანები გადაადგილდებოდნენ იმ მანქანით, რომელსაც ე.წ. ოქროს მოწმე ჰყავდა. აღნიშნულმა მოწმემ თავიდან თქვა, რომ არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობა არ ყოფილა, შემდეგ კი თქვა, რომ მასზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ჩემი შეფასებით, ხელმეორედ გამოკითხვაზე ამის გამო დაგვიბარეს, ჩვენ მზად ვართ, მათ კითხვებს ვუპასუხოთ.

თუ არ ვცდები, ე.წ. ოქროს მოწმე ნატახტრის ტერიტორიიდან წამოიყვანეს, გარდაცვლილი მათ არ უნახავთ, ვინაიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მომხდარი ფაქტის – ჩხუბის შემდეგ, დაგვიანებით მივიდნენ. მანქანით გადაადგილებისას, დაინახეს, რომ 4 ადამიანი გადაადგილდებოდა ფეხით და გაუჩერეს. მათგან 3 ადამიანი, მათ შორის, გარდაცვლილი გაიქცა. ე.წ. ოქროს მოწმე დარჩა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაისვეს. ეს მოწმე ამბობს, ისინი მინდოდა გადამერჩინა და იმიტომ დავრჩიო”, -აცხადებს კობაიძე.

იპნ