თავად თორაძეების საუბარი მაქვს მოსმენილი, რომელიც 1992 წელს არის გაკეთებული, სადაც ისინი მათსა და სხვა პირებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობენ. იქ თორაძეები სხვადასხვა სახელებს ასახელებენ, მაგრამ არ ახსენებენ გიორგი რურუას. რატომღაც ახლა გაახსენდათ გიორგი რურუა, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრს, როცა ის დაკავებულია და წარმოადგენს უკანონო პოლიტპატიმარს, – ასე გამოხემაურა “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი თორაძეების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
როგორც საძაგლიშვილი განმარტავს, პროკურატურა გიორგი რურუას მიმართ ბინძური კამპანიის აგორებას ცდილობს.
“ჩემთვის ამ საქმეზე არაფერი არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რაც საჯაროდ გაჟერდა. გუშინ პროკურატურამ უშინაარსო განცხადება გაავრცელა, იმოტომ რომ თავდაპირველ განცხადებაში არ იკვეთებოდა, საერთოდ რა უნდოდათ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება პროკურატურას ისე იყენებს, როგორც „ტროლების“ ფაბრიკა-ქარხნებს და ცდილობენ ბინძური კამპანიის აგორებას გიორგი რურუას წინააღმდეგ, მაგრამ ეს ბუნებრივია, პროკურატურას ვერ უშველის, იმიტომ რომ სასამართლოში მიმდინარე საქმეში გიორგი რურუა არის უდანაშაულო, პოლიტიკური პატიმარი და ამას ვერ გადაფარავს ხელისუფლება ვერანაირი ბინძური კამპანიით, მოგონილი ტყუილებით და ჭორებით. გიორგი რურუას მიმართ სხვადასხვა ინფორმაციების და ჭორების გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოაშკარავდა, რომ ის უკანონოდ ჰყავთ დაკავებული და პოლიციელებმა მას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება, ხელისუფლებამ მისი საკმაოდ ძლიერი იარაღი აამოქმედა, რაც ადამიანების წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მოსმენილი მაქვს თავად თორაძეების საუბარი, რომელიც 1992 წელს არის გაკეთებული, სადაც ისინი საუბრობენ მათსა და სხვა პირებს შორის დაპირისპირებაზე, იქ ახსენებენ სხვადასხვა სახელებს, მაგრამ არ ახსენებენ გიორგი რურუას. რატომღაც ახლა გაახსენდათ გიორგი რურუა, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრს, როცა ის დაკავებულია და წარმოადგენს უკანონო პოლიტპატიმარს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შუამდგომლობების დაყენებას არ გეგმავს. საძაგლიშვილის განმარტებით, დაიკითხება გამომძიებელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი და ასევე ექსპერტები.
შეგახსენებთ, რომ თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.
„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა, აშშ-ში ცხოვრობს და ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მისი დაკითხვისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს მიმართა“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.
იპნ

