თორნიკე შარაშენიძე -მთავრობას რუსეთის გაღიზიანება არ უნდა, მაგრამ კადიროვის მუქარას მაინც უნდა უპასუხოს 

თორნიკე შარაშენიძე -მთავრობას რუსეთის გაღიზიანება არ უნდა, მაგრამ კადიროვის მუქარას მაინც უნდა უპასუხოს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ცხინვალიდან შემოიპარა.

ამის შესახებ შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ბოკოვის თანამზრახველი იგივე ადგილიდან ცხინვალში გადაიპარა და მოსკოვში წავიდა ბოკოვის დაკავების შემდეგ.

„ლოგიკურია, რომ ეს კაცი მარტო არ მოქმედებდა. ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ეს კაცი, ვინც დააკავეს, რას აპირებდა- აპირებდა გასროლას და მკვლელობას, თუ აკვირდებოდა გაბუნიას მარშრუტებს. შეიძლება, ერთი კაცი აკეთებდა ყველაფერს, შეიძლება-რამდენიმე, ამის თქმა რთულია. თუ გაბუნიას მკვლელობა გეგმაში იყო, ვფიქრობ, ეს ამ ეტაპზე გადავადდა; ოპერაცია ჩავარდა.

როგორც ჩანს, კადიროვმა გადაწყვიტა, რომ გინების ერთი წლისთავზე მიერთმია გაბუნიას თავი პუტინისთვის, ამას ბუნებრივია სჭირდება შემზადება რამდენიმე კვირა და ჩავარდა. ახლა კიდევ უნდა გამოუშვას ვინმე და დაიწყოს იგივე პროცესი თავიდან, მაგრამ გაბუნიას კიდევ უფრო მეტად დაიცავენ და ამის განხორციელება გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე მანამდე. მადლობა ღმერთს, კარგად იმუშავეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა და როცა მათი კრიტიკა მოვისმინე, უსამართლოდ მომეჩვენა. ჩრდილის მიყენება იმით, რომ უკრაინელებმა უთხრეს, თორემ ესენი რას გააკეთებდნენ, არასწორი მგონია.

ნიკა გვარამიას გამოსვლამ, როცა თქვა მე ვიცოდი, რა იგეგმებოდაო, ბევრი კითხვა გააჩინა, თუ იცი, სუს-ში მიდი, თუ სუს-ს არ ენდობი, საჯაროდ თქვი. მკვლელი რომ იყო ჩამოსული, ამაზე ნამდვილად საჯაროდ უნდა ეთქვა.

ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ შემოაღწია ბოკოვმა საერთოდ. არ არის გამორიცხული, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ცხინვალიდან შემოიპარა, თუ ასე ხდება, თანამზრახველი იგივე ადგილიდან ცხინვალში გადაიპარა და გავიდა მოსკოვში ბოკოვის დაკავების შემდეგ“, – განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, მთავრობას კადიროვის განცხადებისთვის შესაბამისად უნდა ეპასუხა.

„ის, რომ ცდილობენ ეს ყველაფერი სააკაშვილს დააბრალონ, მარაზმია. სააკაშვილმა თუ დაგეგმა გაბუნიას მკვლელობა და კადიროვს იყენებს, ეს ხომ სრული აბსურდია, სად სააკაშვილი, სად კადიროვი?! კადიროვის მუქარას მთავრობამ უნდა უპასუხოს. გასაგებია, რომ რუსეთის გაღიზიანება არ უნდა, მაგრამ მუქარას მაინც უპასუხოს, რომ ეს მიუღებელია და მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ კადიროვი იმუქრება“, – განაცხადა შარაშენიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.