ვინ აფინანსებს ანა დოლიძეს? – ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ თანამებრძოლს საზოგადოებისთვის „თვალებში ნაცრის შეყრაში“ ადანაშაულებს

ვინ აფინანსებს ანა დოლიძეს? - ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ თანამებრძოლს საზოგადოებისთვის „თვალებში ნაცრის შეყრაში“ ადანაშაულებსანა დოლიძე დღესვე რომ გადადგეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობიდან, მას უკვე კანონი აქვს დარღვეული და საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის.

ამის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი ხნის თანამებრძოლს დაუპირისპირდა.

მისივე თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს.

„როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას! როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ? ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს“, –  წერს ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მოძრაობა “ხალხისათვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე დღეს 15:00 საათზე ალეკო ელისაშვილთან, ლევან კობერიძესთან და ლევან იოსელიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას მოაწერს ხელს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაზე ანა დოლიძე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარისგან თავს იკავებენ ახალი პოლიტიკური პლატფორმის მომავალი წევრებიც.

„2020NEWS“-თან კომენტარისგან თავი შეიკავა დეპუტატმა ლევან კობერიძემაც და განაცხადა, რომ პრესკონფერენციამდე არც ერთი მათგანი აპირებს რაიმე კომენტარის გაკეთებას.

რამდენადაც ლევან კობერიძე სატელევიზიო გამოსვლებში მუდმივად აფიქსირებდა თავის სიმპათიას მამუკა ხაზარაძის „ლელო საქართველოსთვის“ მიმართ, სავარაუდოდ, ეს ახალი პოლიტიკური პლატფორმა მასთან ალიანსში შევა. თუმცა, ანა დოლიძემ უკვე დაიწყო სკანდალით და ის ხალხის მოტყუებაში უკვე დაადანაშაულეს.