“ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებმა ერთმანეთი არ უნდა გადაფაროს”

"ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებმა ერთმანეთი არ უნდა გადაფაროს"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “ახლა თაობასთან” ინტერვიუში აღნიშნული საქმის ირგვლივ საუბრობს.
– ბატონო მიხეილ, ოჯახი რა ვერსიას განიხილავს?
– ოჯახი ყველანაირ ვერსიას განიხილავს, თვითმკვლელობის გარდა. რაღაცის მსხვერპლია და რისი, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
– სამსახურს შეიძლება უკავშირდებოდეს?
– ყველაფერს შეიძლება უკავშირდებოდეს.
– მის პროფესიას – პროგრამისტობას?
– ასე დეტალურად ვერ გეტყვით. სწორედ ეს დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ამ კითხვებზე გამომძიებლებმა უნდა გასცენ საზოგადოებას პასუხი.
– ნაპოვნ ჩანაწერებზე რას იტყვით, რა ჩანაწერებია ეს?
– განსაკუთრებული არაფერი. ყოველდღიურად შეიძლება, ადამიანმა გააკეთოს ასეთი ჩანაწერები, რომ რაღაც არ დაავიწყდეს. პატარ-პატარა ფურცლებზეა ყოველდღიური ჩანაწერი გაკეთებული.
– რამდენად რეალურია ინფორმაცია, რომ ვიღაცას უბარებს საკუთარი ანაბრის გამოყენებას?
– ვინ უნდა გამოიყენოს, არ წერია. არც ანაბრის ნომერი წერია, არაფერი ამგვარი იქ არ წერია. ჩანაწერებია – ამ დროს აქ უნდა წავიდე და ა.შ.
– რას ელის ოჯახი, საქმე გაიხსნება?
– რა თქმა უნდა, უნდა გაიხსნას! ორი დღის აღმოჩენილია გვამი და გამოძიებამ უნდა იმოქმედოს. ხომ უნდა დადგინდეს და გაირკვეს, რეალურად რა მოხდა?! მოტივაცია ხომ უნდა დადგინდეს.
– ჯერ საქმეში მოტივაცია არ არის?
– არა, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, მოტივაციას ადგენს.
– როგორც ვიცით, დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო, უკრაინელი ქალბატონი, რომელიც ცენტრ “ემპათიას” წარმოადგენს. ეს თქვენი მოთხოვნა იყო?
– დიახ. უკრაინელი ექსპერტი საქმეში სრულყოფილად არის ჩართული ოჯახის მოთხოვნით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ექსპერტთან ერთად.
– რამდენი დღის გარდაცვლილია?
– ხუთი დღის დაკარგულია და, რაც დაიკარგა, იმავე დღეს არის გარდაცვლილი.
– თქვენ თქვით, რომ ეს საქმე არაფერმა და არავინ არ უნდა გადაფაროს. რას გულისხმობდით?
– პირდაპირ გეტყვით, რასაც ვგულისხმობდი: ეს საქმე არ უნდა გადაფაროს შაქარაშვილის საქმემ და არც ამ საქმემ უნდა გადაფაროს შაქარაშვილის საქმე. მხოლოდ ამას ვგულისხმობდი.
– თამარ ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, რომ მას უთხრეს: შარში არ გაეხვიოთ, თქვენი შვილი შარშიაო. ეს რას ნიშნავს, შეგიძლიათ გვითხრათ?
– არა, უფრო ზუსტად, ასე იყო: როგორც მამამ მე მითხრა, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას უთხრა, კომპიუტერი გავხსენი და თქვენი გოგო შარშიაო. ეს იყო მხოლოდ.
– რამდენად ოპერატიულად მოქმედებს გამოძიება? რამდენად სწრაფად ექნება საზოგადოებას პირველადი ინფორმაცია?
– ვერ გეტყვით, ეს პირდაპირ გამოძიებაზეა დამოკიდებული. ვნახოთ.
– რას გულისხმობდით, როდესაც თქვით, როდესაც ოჯახი პროტესტს გამოხატავს, არ უნდა ევაჭრებოდეო. ვინ ევაჭრება ოჯახს?
– მამას უთხრეს, მიტინგი არ უნდა გამართოთო. ამაზე მე ვთქვი, რომ ოჯახს არ უნდა ევაჭრო. ეს არის ცუდი და უხეში გაფრთხილება, როდესაც ოჯახს ამხელა უბედურება და ტანჯვა დაატყდა თავს, ასე არ უნდა ექცეოდე. ეს დაუშვებელია.
– ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს საზოგადოებას სარალიძის საქმიდან, შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე. რას ფიქრობთ, გამოძიება ობიექტურ შედეგს დადებს?
– რამდენი გაკვეთილი უნდა მიიღოს ხელისუფლებამ?! ერთი არ იყო საკმარისი?! რამდენი უნდა ჩამოვთვალო?!
მე, როგორც ადვოკატი, რა თქმა უნდა, ველოდები, რომ გამოძიება მხოლოდ სამართლიანობიდან გამომდინარე იმოქმედებს და ობიექტური გამოძიების შედეგს დადებს. ვნახოთ. თუ ასე არ მოხდა, მაშინ არ ყოფილა საშველი და ეს იქნება.
– თქვენ რას უკავშირებთ ბოლოდროინდელ ამ საშინელ მოვლენებს?
– საზოგადოება გულგრილი გახდა, ყველაფერს უყურებს, როგორც “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”. მესამე თვალით უყურებენ, შორიდან, თითქოს მათ ეს პრობლემა არასდროს შეეხებათ. მე საზოგადოების პასუხისმგებლობასაც ვხედავ ამ ყველაფერში. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს დამოკიდებულება როგორია. დაუსჯელობის სინდრომმა, ნეპოტიზმმა იცის ეს ყველაფერი, ასევე – კანონის წინაშე თანასწორობის მოშლამ და ვიღაცების იმედად ყოფნამ.