გიორგი ვაშაძე – “ელისაშვილი პოლიტიკური კინტოა”

გიორგი ვაშაძე -  "ელისაშვილი პოლიტიკური კინტოა''ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს.
– ბატონო გიორგი, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, თუმცა ოპოზიცია ამ პროცესებს მიღმა დარჩა. რამდენად სწორი იყო ოპოზიციის ტაქტიკა?
– პირველ რიგში, ეს ჩვენი გამარჯვებაა. იმიტომ, რომ ჩვენ ვაიძულეთ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღოთ. ნოემბერში, როცა მათ მოგვატყუეს და ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, გახსოვთ, რომ ამბობდნენ, არაფერი არ შეიცვლებაო. აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენმა ძალისხმევამ, ნოემბრიდან მოყოლებული, შედეგი გამოიღო და ეს ძალიან დიდი მიღწევაა. თუმცა იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, აუცილებელია მისი მეორე კომპონენტის, პოლიტპატიმრების განთავისუფლების სრულად შესრულება, ამ შემთხვევაში, რურუაზე ვსაუბრობთ. პირველ მოსმენაზე მიიღო ოპოზიციამ მონაწილეობა, იმიტომ, რომ თუ პირველი მოსმენით ჩავარდებოდა, სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ არსებული სისტემა შენარჩუნებულიყო, არ იყო. მეორე, მესამე მოსმენაზე ძალიან სტრატეგიული ნაბიჯი გადავდგით, იმიტომ, რომ თუ ჩააგდებდა “ქართული ოცნება”, მაინც შეიძლებოდა დაბრუნება მეორე ან მესამე მოსმენით ამ კენჭისყრაზე. ამიტომ ვიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება და ზუსტად ისეთივე ტაშით, როგორც მიეგება ამას “ქართული ოცნება”, აი ასეთივე ტაშით გადავლენ ოპოზიციაში, ამაში დარწმუნებული ვარ.
– აცხადებთ, რომ ჩვენი გამარჯვება და ჩვენი დიდი მიღწევააო, თუმცა თქვენი მონაწილეობის გარეშე და ეს რანაირად?
– ჩვენ ვითხოვდით შეთანხმების სრულად შესრულებას. როცა დავრწმუნდით, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა იყო, გამოვეთიშეთ ამ პროცესს.
– სრულად შესრულდესო აცხადებთ, თუმცა კონსტიტუციური ცვლილებებიც თქვენ გარეშე მიიღეს და რურუაც ციხეში რჩება. ამ ყველაფრის მერე, ალბათ, აღარც გამოუშვებენ…
– ჩემი აზრით, გამოუშვებენ, იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაცრად ითხოვენ შეთანხმების სრულად შესრულებას და არა ნაწილობრივ შესრულებას.
– დასავლელი პარტნიორების კომენტარები და განცხადებები, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, საკმაოდ დადებითი და რბილია “ოცნებასთან” მიმართებაში. მიესალმებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას და თანამშრომლობის სურვილსაც გამოთქვამენ. წესით, ეს ოპოზიციას უნდა აღელვებდეს.
– ძალიან კარგია თუ მიესალმებიან. ფაქტია, რომ ამ წნეხმა იმუშავა. აქვე არ დაგავიწყდეთ სენატორ რიშის ბოლო ინიციატივა, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ თუ სრულად არ შესრულდა შეთანხმება, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტულ სანქციებზეა საუბარი საქართველოსთან მიმართებაში. ეს უკვე არ არის მხოლოდ განცხადება, ეს არის კონკრეტული ინიციატივა დოკუმენტში თავმოყრილი. მათ შორის საუბარია რურუას გათავისუფლებაზეც.
– რურუასთან დაკავშირებით დიდი გაუგებრობები მოჰყვა გერმანიის ელჩის განცხადებებს, სადაც ის საუბრობდა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში რურუას გვარი ნახსენები საერთოდ არ არის და ოპოზიციას მოუწოდებდა კენჭისყრაში მონაწილეობისკენ. რასაც ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. რამდენად სწორად მოიქცა ოპოზიცია?
– პირველი ის, რომ გერმანიის ელჩმა, სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა, როცა ეს განცხადება გააკეთა. იმიტომ, რომ ყველა სხვა, ვინც ესწრებოდა, თვითონ გერმანიის მთავრობაც ამ განცხადებებს აკეთებდა, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა განთავისუფლებულიყო, რურუას ჩათვლით. ეს შეცდომა ელჩს მოუვიდა და მე ვფიქრობ, ამით უნდა დავხუროთ ეს საკითხი. იმიტომ, რომ გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გულშემატკივარი ქვეყანაა, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამას განსაკუთრებით უნდა გამოვეკიდოთ. ელჩი თვითონაც ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა ამ განცხადებით.
– თუმცა ოპოზიციამაც გადაამლაშა, ზედმეტი მოუვიდა, ნამდვილად არ იყო ტაქტიანი. ასე არ თვლით?
– დიახ, იყო ზედმეტად გადაჭარბებული საკითხები ნახსენები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ.
– ბატონო გიორგი, რა ხდება ოპოზიციის შიგნით? დასახელდა 6 მაჟორიტარი, კიდევ ორი უნდა დაასახელოთ. მწვავედ დაუპირისპირდა ამ ერთობას თაკო ჩარკვიანი, ალეკო ელისაშვილი და მიდის ლანძღვა-გინება. ელისაშვილი აცხადებს, რომ 1%-იანი პოლიტიკოსი ხართ და თქვენი კანდიდატურა მაჟორიტარად არ უნდა დასახელებულიყო ისანში. რა აწყენინეთ ასეთი ელისაშვილს?
– სამწუხაროდ, ელისაშვილი, მართლაც პოლიტიკურ კინტოდ ჩამოყალიბდა.
– ასე რატომ შეიცვალა პოზიცია?
– არ ვიცი, ერთ ღამეში რატომ შეიცვალა ამ ადამიანის განწყობები, რაღაც პლატფორმა რომ შექმნეს, სწორედ იმის მერე, ნამდვილად არ ვიცი… ადგილებით ვაჭრობა, რომელიც მან დაიწყო, ეგონა, რომ ვინმე აყვებოდა ამაში. რადგანაც უარი მიიღო ამ ვაჭრობაზე, მერე ლანძღვა-გინებაზე გადავიდა.
– ანუ გარანტირებულ ადგილებს ითხოვდა და ვერ მიიღო?
– რა თქმა უნდა, ზუსტად ასეა. ეს ხომ ისედაც ფაქტია. რაღაცა სხვის რეიტინგზე რომ საუბრობ, უკაცრავად, მაგრამ გამოტოვებულ არჩევნებში მისმა კანდიდატმა რამდენი პროცენტი აიღო, კარგად დათვალოს! მე იმ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ვიყავი, რომელმაც ფაქტიურად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო! აქედან გამომდინარე, ძალიან მეცინება ხოლმე, რა ტრანსფორმაცია გამოიწვია ამ ადამიანში ამ ყველაფერმა.
– თქვენსა და ვანო ჩხარტიშვილის ნათესაურ კავშირზეც ბევრს საუბრობს…
– ჯერ ერთი, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ვანო ჩხარტიშვილი ჩემი მეუღლის მამა არ არის, ბიძაა. ის ჩემი მეუღლის ბიძა იყო მაშინაც, როცა მე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიყავი…
– ეს თემა ძალიან აგორდა ბოლო პერიოდში, თავად ოპოზიციაში იყო ამ საკითხის განხილვა და საუბრები ამაზე.
– გეტყვით რატომ, ზუსტადაც, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მხარდაჭერა ყველაზე მეტად გაიზარდა, ყველა კვლევით და, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, სამიზნე გავხდი აქედან გამომდინარე. იმიტომ, რომ აქამდე არავის არ გასჩენია რამე მნიშვნელოვანი კითხვა ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირი დაკვეთაა. რაღაცნაირად უნდათ, რომ ხალხის მზარდი მხარდაჭერა შეაჩერონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი მსოფლმხედველობა ყველამ კარგად იცის, ჩემი და ჩხარტიშვილის მსოფლმხედველობა ყოველთვის განსხვავდებოდა, როცა მე ხელისუფლებაში ვიყავი, ის საერთოდ წასული იყო საქართველოდან. მეორეც, ყველამ იცის ჩემი პრინციპული დამოკიდებულება, ვანო ჩხარტიშვილი კი არა, ჩემი ძმაც რომ იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. თუ ვინმეს დანაშაული ჩაუდენია, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ამიტომ ეს არის ხელზე დახვეული იაფფასიანი ბრალდებები.
– ანუ ელისაშვილი განაწყენებულის პოზიდან საუბრობს?
– არა მარტო ეს, როგორც ჩანს, ელისაშვილმა დაკვეთაც მიიღო, რომ ჩემზე თავდასხმები განახორციელოს. იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” ეშინია იმ მზარდი რეიტინგის, რაც მე და ჩემ გუნდს გვაქვს.
– საით გადაგაქვთ ისრები, რომ ელისაშვილი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს?
– მე პირდაპირ ვიტყვი, რომ მას შემდეგ, რაც ეს რაღაცა პლატფორმა-გაერთიანება ჩამოაყალიბეს, რომლის საეჭვო დაფინანსებებზე დიდი ხანია იყო საუბარი, ამის შემდეგ აგრესიული კინტაური მოსცხო ალეკო ელისაშვილმა ჩემ წინააღმდეგ.
– თაკო ჩარკვიანზე რაღას იტყვით, მასაც დაუკვეთეს?
– თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ საბურთალოზე აქვს ინტერესი, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საერთო ენა აუცილებლად მოიძებნება და აქ ვერანაირ პრობლემას მე ვერ ვხედავ.
იმის თქმა გინდათ, რომ მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას?
– ჩამოვყალიბდებით. საერთო ჯამში, თაკო ჩარკვიანი არის გამორჩეული პიროვნება, რომელსაც ქვეყნის დასავლური ორიენტაციის მიმართულებით განვითარება სურს და ვფიქრობ, რომ მას მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს ამ არჩევნებში. ჩვენ ვართ საერთო კოალიციაში და დარწმუნებული ვარ, პოზიციებს შევაჯერებთ.
– სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა მასა და გიგა ბოკერიას შორის. ევროპული საქართველო მისი კანდიდატურის კატეგორიული წინააღმდეგია…
– გასაგებია, ეს მათი პოზიციაა. გვექნება ამაზე მსჯელობა. მე აქ ვერ ვხედავ განსაკუთრებულ დიდ პრობლემას. ყველა უნდა დამშვიდდეს და მშვიდი თვალით უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას. ხელისუფლებას არ უნდოდა, რომ ჩვენი მაჟორიტარული შეთანხმება გამოსულიყო, ეს ცხადია, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი ამ კუთხით. აქაც შევჯერდებით.