გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა შსს-ში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
“გამოძიებას არაფერს ვუმალავ”, – უთხრა მან გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს.
ის შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა.
იაკობ ბრეგვაძე არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტისას გიორგი შაქარაშვილთან, კოკო ღიბრაძესთან, ვახო ახვლედიანთან, გიორგი ქათამაძესთან და გური ამირხანაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ის ინციდენტის დროს მიტოვებულ შენობაში იმალებოდა. 112-ში დარეკვის შემდეგ კი, ის თბილისში სამართალდამცავებმა ჩამოიყვანეს. სწორედ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ აქვთ უფლებადამცველებს მის მიმართ კითხვები.
ის საქმეში ფიგურირებს, როგორც ფოტოგრაფი. ბრეგვაძის ადვოკატის განცხადებით ამოღებულია მისი დაცვის ქვეშ მყოფის კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.
“ამოღებულია კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. ჩვენ ვაპირებთ იმ ადგილზე ჩასვლას, სადაც იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე მაშინ, როდესაც იმალებოდა, ჩავალთ ზუსტად დროის იმ პერიოდში, როდესაც იაკობს იქ ყოფნა მოუწია, გადავიღებთ კადრებს თუ სად იმალებოდა. აუცილებლად გადახტება იქ არსებულ ღობეზე იაკობი ჟურნალისტების თვალწინ, რომ ყველაფერი ნახოთ. ეს იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები.
ისე არ გააკეთოთ, რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ,” – აცხადებს იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
გამოკითხვები სამინისტროში დღეს დილიდან განახლდა. უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმაც.
რუსთავი 2

