კაწროს ცოლმა ნათია რუხაიამ ნიკა გვარამიას უჩივლა

ავთანდილ ბილანიშვილის (კაწრო) ადვოკატი თამარ აბესაძე კვირის პალიტრასთან საუბარში ადასტურებს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საჩივარი “მთავარი არხის” დირექტორისა და წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შეტანილია და საჩივარი ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლემ, ნათია რუხაიამ შეიტანა.

ბილანიშვილის მეუღლე 2020 წლის 7 ივლისს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაობს.

“გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია როგორღაც უნდოდა დაეკავშირებინა “ქართულ ოცნებასთან” და ივანიშვილის ოჯახთან, ამიტომ სრულიად დაუსაბუთებლად გააჟღერა ავთანდილ ბილანიშვილის გვარი, ვინაიდან ყველასთვის, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის, იმთავითვე ცნობილი იყო, ავთანდილ ბილანიშვილი და ბერა ივანიშვილი მეგობრები რომ იყვნენ. მართალია, 12 ივლისის გადაცემაში ეს ინფორმაცია თავად ნიკოლოზ გვარამიამ უარყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ მის მიერ, თუნდაც ვარაუდების დონეზე გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ თავის მიზანს მიაღწია და ავთანდილ ბილანიშვილი, ისევე როგორც მისი ოჯახი – მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გახდნენ საყოველთაო ბულინგის მსხვერპლნი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარტიაში 13 ივლისს შევიდა.

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს”, სახელი გიორგი შაქარაშვილის საქმეში რამდენჯერმე გამოჩნდა. “მთავარი არხი” ამტკიცებდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ქუჩის ავტორიტეტია, რომელიც დამნაშავეთა სასარგებლოდ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს. ასევე, 8 ივლისს, მედიამ ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა. სადაც ჩანს თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი და იქიდან გადმოსული თეთრპერანგიანი მგზავრი. სწორედ ეს მგზავრი ხვდება გურამ ამირხანაშვილს, რომელიც შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმეა”. “მთავარმა არხი” ამტკიცებდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწროა”, რომელიც ამირხანაშვილს ვიდეოჩანაწერში, დაახლოებით, ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “მთავარი არხის” მიერ შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ ჩანს და რომ 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები, ლაშა ლურსმანაშვილია. თავად ლაშა ლურსმანაშვილმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ დიდუბეში პირად საქმეზე გაჩერდა და მისთვის უცნობმა ახალგაზრდამ მას დარეკვა სთხოვა…

ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე ნიკა გვარამიას სამი პრინციპის დარღვევას ედავება. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, რომ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მან უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
ნიკა გვარამიას ასევე ფაქტის განზრახ დამახინჯების გამო ედავებიან და მიიჩნევენ, რომ ქარტიის ნორმების 1-ლი, მე-3 და მე-11 პუნქტები დაირღვა.

“ავთანდილ ბილანიშვილის მიმართ მტკიცებულებების გარეშე გამოთქმულმა დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა მას და მის ოჯახს მიაყენა ძალიან დიდი მორალური ზიანი. ამ შემთხვევაში მომჩივანი არის ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლე, ნათია რუხაია”, –  უთხრა თამარ აბესაძემ კვირის პალიტრას.

“მთავარი არხის” იურისტის, თამთა მურადაშვილის აზრით, ნიკა გვარამიას ეთიკის პრინციპები არ დაურღვევია. მისი თქმით, თავდაპირველად განმცხადებელი ავთანდილ ბილანიშვილი იყო, მოგვიანებით კი ის ნათია რუხაიათი შეიცვალა.

ახლა ამ საჩივრის ირგვლივ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ უნდა იმსჯელოს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქარტია.

კვირის პალიტრა