მამუკა ჭელიძე – “თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელიც დაკითხულია”

მამუკა ჭელიძე - "თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელიც დაკითხულია"დღეს, 23 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფიბგი გამართა.

დირექტორის თქმით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

მისივე თქმით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა. გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.

„ასევე ამოღებულია წერილი ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების თაობაზე. ასევე, მისი სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერი, ტექნიკა. გამოძიება მუშაობას ყველა შესაძლო ვერსიაზე“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

დირექტორი ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა და მასთან კონსულტაციებიც გაიარა.

„ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ოჯახი დღეს ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, რომ არ დავუმძიმოთ მათ ეს მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება კვალიფიკაციის ნაწილს, გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ამ ეტაპზე, გამოძიება გრძელდება ამ კვალიფიკაციით და საგამოძიებო მოქმედებების და გამოძიების მთავარი ინტერესი და საგანი, როგორც წესი, ასეთ დროს არის კითხვებზე პასუხის გაცემა. ბუნებრივია, მესმის თქვენი და საზოგადოების ინტერესიც, გამოძიება ზუსტად ამ მიზნით მუშაობს.

თვითმკვლელობის ვერსიაც რომ არსებობდეს, თვითმკვლელობასაც აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია, შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე უბრალოდ მიიყვანოს გარკვეულმა პირობებმა, გარკვეულმა პირებმა, ამიტომ, კვალიფიკაციის შემხებლობა საგამოძიებო მოქმედების არეალთან, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებამ სრული სიზუსტით გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების გარკვეული შემხებლობა გარდაცვალებასთან“, – განაცხადა დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით, ადგილი, სადაც გარდაცვლილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში იპოვეს, სოფელი ხაიშიდან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილში კამერებმა ბოლოს დააფიქსირეს, 15 კილომეტრითაა დაშორებული.

„საბოლოო შემთხვევის ადგილისკენ გამოკითხული მოქალაქეები არ მიუთითებდნენ. ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა არეალში, ამიტომ იმ დღეებში, იმ ადგილებში ავტომობილი ვერ იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები შეტყობისთანავე დაიწყო. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი მანქანა დაფიქსირდა, არის სოფელი ხაიში. მთელი რესურსი, დეტალურად შესწავლის მიზნით, ამ ტერიტორიისკენ მიემართა. სამწუხაროდ, ამ ლოკაციაზე ვერ მოიძიეს მისი მანქანა, რადგან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით უკვე სხვა სოფელში, დაუსახლებელ ადგილში აღმოჩნდა გარდაცვლილის მანქანა, რომელიც შემთხვევით გავლილმა არასრულწლოვანმა მწყემსმა დააფიქსირა. დილით, დაახლოებით 10:00 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი გავიდა სახლიდან. დაახლოებით 20 წუთში ის ხაიშის ჭკვიანმა კამერებმა დააფიქსირეს, სადაც ჩანს, რომ ავტომობილს თვითონ მართავდა. ეს ადგილი შემთხვევის ადგილიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. საბოლოო შემთხვევის ადგილისკენ გამოკითხული მოქალაქეები არ მიუთითებდნენ. ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა არეალში, ამიტომ იმ დღეებში, იმ ადგილებში ავტომობილი ვერ იპოვნეს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.