ნაციონალების სიის მეორე ნომერი პაატა ბურჭულაძე იქნება?!

ნაციონალების სიის მეორე ნომერი პაატა ბურჭულაძე იქნება?!ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას ეთიშება. ის არც ზუგდიდში იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. ვინ მოხვდება და ვინ ვერა მთავარ ოპოზიციური პარტიის კოალიციურ საარჩევნო სიაში? შესთავაზეს თუ არა ამ სიის მე-3 ნომრობა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს და მოხვდებიან თუ არა სააკაშვილის სიის გამსვლელ ადგილებზე დეპუტატები – სამადაშვილი- ბოკუჩავა?

სიების საბოლოო  ფორმირებამდე ჯერ კიდევ ერთთვიანი ვადაა, თუმცა, „2020NEWS”-ის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარყოფითი გადაწყვეტილება რამდენიმე თანაპარტიელზე მიღებულიც აქვს და საერთო სიის მონახაზიც უკვე გაკეთებულია.

უფრო მეტიც, გამსვლელი ადგილების მფლობელები ცნობილი არიან და ისიც ცნობილია,  კოალიცია „ძალა ერთობიდან“ რომელი ერთკაციანი პარტიების ლიდერები მოხვდებიან ამ სიაში.

„2020NEWS”-ის წყაროს ინფორმაციით,  სიის გამსვლელ ადგილებზე ვერ მოხვდებიან  დეპუტატები – სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა.  მათ ბედს გაიზიარებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი დეპუტატი გიორგი ბარამიძეც.

შიდაპარტიული გამოკითხვებით, მაღალი რეიტინგი ამ პარტიაში, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და პრეზიდენტობის ექსკანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს აქვთ.

რეიტინგის გამო, გრიგოლ ვაშაძე სიის პირველი ნომერი იქნება.

სააკაშვილის კოალიციური სიის მეორე ნომერი მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე იქნება. მისთვის ეს ადგილი სიაში შენახულია და საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში გააკეთებს ამის შესახებ განცხადებას.

მესამე ნომერი ნიკა მელია იქნება, მეოთხე კი –  შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ხატია დეკანოიძე,  რომლის კანდიდატურა, ამავდროულად, სამაჟორიტარო ფრონტზეც განიხილება, თუმცა, თავად დეკანოიძე საარჩევნო  ოლქს ჯერ არ აკონკრეტებს.

სხვათაშორის, ამ კოალიციურ სიაში მესამე ადგილი სულ ახლახანს  „ახალი საქართველოს“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად კოალიციიდან – „ძალა ერთობაშია“ –  გასულ თაკო ჩარკვიანს შესთავაზეს, ვიდრე ის ამ კოალიციას დატოვებდა.

თუმცა, ჩარკვიანმა შეთავაზებაზე უარი თქვა და ვაშაძესთან ერთად ახალი კოალიციით – „სტრატეგია აღმაშენებლით“ გავა საარჩევნო ფრონტზე საბრძოლველად – „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის წინააღმდეგ.

თუმცა ისნის სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ვაშაძის კანდიდატურა „ლეიბორისტული ეზოს“ ოპოზიციამ დააყენა,  ვაშაძეს სწორედ “ნაცმოძრაობის“  ამომრჩევლის იმედი აქვს, თუმცა, გუშინ ამ პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, მეგი გოცირიძემ მუქარით განაცხადა, დასჭირდება ისანში ამომრჩეველი და სიდედრმა მოუყვანოს ვაკიდანო. კოალიციიდან გასვლის გამო, ვაშაძეზე თავდასხმა განახორციელა  „ნაციონალმა“ სალომე სამადაშვილმაც, რომელმაც ყოფილ თანაკოალიციელს გადადგმული ნაბიჯი დაუწუნა.

თავად ვაშაძე კომენტარს არ აკეთებს „ნაცმოძრაობიდან“ წამოსულ უარყოფით  შეფასებებზე და საზოგადოებას ყველა სხვა პარტიაზე აქტიურ საარჩევნო კამპანიას ჰპირდება.

ამასობაში კი, ვაშაძის ნაბიჯის მწვავე შეაფასებაზე  გადართულ თანაპარტიელებს, თავადვე არ აქვთ კარგად საქმე პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სალომე სამადაშვილი პარტიის საარჩევნო სიის გამსვლელ ნაწილში ვერ მოხვდება.

ახლა დავუბრუნდეთ კოალიციის სიას. მოკლედ, ჩარკვიანის მე-3 ადგილი, მისივე სურვილით,  ამ სიაში გამოთავისუფლდა. ჩვენთვის ასევე გახდა ცნობილი, რომ  საერთო სიაში გამსვლელ ადგილებზე ჩაწერის მსურველებიდან ამ კოალიციაში მხოლოდ ორს არ გაუცრუვდა იმედები. ესენი არიან ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა.  ისინი სიის ათეულში ვერ მოხვდებიან. მაგრამ გამსვლელ 16 კაცში ნამდვილად იქნებიან.

რაც შეეხება ქალთა კვოტებს, თაკო ჩარკვიანმა მესამეობაზე უარი თქვა, ხატია დეკანოიძე რჩება სიაში. არადა ახალი კანონმდებლობით, პარტიებმა ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესი უნდა წარადგინონ. რამდენადაც  კოალიციას მამაკაცები ბევრი ჰყავს სიაში, ახლა ათეულისთვის დეკანოიძის გარდა,  კიდევ ერთი ქალია მოსაძებნი და ჩვენი ინფორმაციით,  ეს ქალბატონი სიგარეტის დისტრიბუტორი ფირმის,  „ომეგა ჯგუფის“  დამფუძნებლის,  ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, ყოფილი „პატრიოტი“ ნატო ჩხეიძე იქნება – კიდევ ერთი ქალი პოლიტიკოსი კოალიციიდან – „ძალა ერთობაშია“.

სხვათაშორის, ჩვენი ინფორმაციით, ნატო ჩხეიძე მაჟორიტარობასაც შეერკინება და ის ან ხაშური-ქარელის,  ან მეუღლის მშობლიური გორი-კასპის ოლქს შეეჭიდება.

რამდენადაც  კოალიცია ახალი წევრების შემომატებას გეგმავს, ასევე კანონით, ყველა პარტიის სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს, იქ სწორედ ცნობადი და ახალი ქალი კანდიდატების მოძიებაზე მუშაობენ და ასეთების მოძებნის შემთხვევაში, ოცეულს სამადაშვილი-ბოკუჩავა დაემშვიდობებიან.

აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობაში“ სერიოზული დაძაბულობაა. საარჩევნო სიის შედგენის პროცესში გამსვლელ ადგილებზე ჩაწერის მსურველთა უკმაყოფილება იზრდება, რადგან ყველა ვეღარ მოხვდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თვალთახედვის არეში.

ეს საშიშროება განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს ემუქრებათ, რომლებიც საზოგადოებას 9-წლიან მმართველობას ახსენებენ,  წონა არ აქვთ და შესაბამისად, პარტიის  შიდა გამოკითხვებშიც რეიტინგულად მოიკოჭლებენ.

შეგახსენებთ,  რომ  ბოლო კვლევებით, მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებში 16%-დან 20%-მდე აიღებს. მომდევნო კვირას პოლიტიკურ კვლევებს დადებს ამერიკული ორგანიზაცია „აირაი“ (IRI),  სადაც დეტალურად იქნება გაწერილი,  რომელ პოლიტიკურ ძალასა და რომელ პოლიტიკოსს რა რეიტინგები აქვთ პოსტპანდემიურ და წინასაარჩევნო პერიოდში.

მანამდე კი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიაში მოხვდებიან:  სამვარსკვლავიანი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე, ყოფილი ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი, განათლების ექსმინისტრი დიმიტრი შაშკინი,  პარტიის აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია,  პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ექსთავმჯდომარე  ლევან ვარშალომიძე.  გამსვლელ სიაში ასევე იქნებიან ქვემო ქართლის ექსგუბერნატორი დავით კირკიტაძე და კახეთში მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატი გიორგი ბოტკოველი.  დანარჩენებიდან,  ვის გაუღიმებს ბედი და ვინ მოხვდება კოალიციურ ოცეულში, ამას მალე შევიტყობთ.