ფონიჭალაში საქართველოს ბანკის სერვისცენტრიდან 18.168 ლარის გატაცებისთვის მ.ლ. დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ. – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა – 18.168 ლარის ოდენობით.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2.300 ლარი,. ა. შ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი, რომელიც მოწმის – ნ. ა.-ს ჩვენებით, მ.ლ.-მ ყაჩაღობის შემდგომ გადასცა ა.შ.-ს.
პოლიციამ მოწმე ნ.ა.-ს ბინის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით მედიკამენტები ამოიღო. მისი განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები მ.ლ.-მ მიმდინარე წლის 20 ივნისს, ერთ-ერთ აფთიაქზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცა და შესანახად გადასცა მას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.