
ქუთაისში ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 ადამიანი დააკავეს – გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულების ვინაობას არ აკონკრეტებენ.
“კურიერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეზობელია, ხოლო მეორე – ბრალდებულის მეუღლის მეგობარი.
რამდენიმე მეზობელი იხსენებს, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს, მათ სიახლოვეს იმყოფებოდა სწორედ ბრალდებული და საქმის დეტალებით ინტერესდებოდა.
საქმეზე დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. გარდაცვლილის მეგობრის, ციცი ბაბუნაშვილის თქმით, პროკურორმა მათ უთხრა, რომ ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ არაერთ პირს დააკავებენ.
“გუშინ ვესაუბრეთ პროკურორს და თქვა, რომ იქნება დაკავებების სერია და ველოდებოდით. გუშინ არ იყო დაკავებული სხვა პირები და დღეს ველოდებოდით, რომ სხვა პირებსაც დააკავებდნენ. უმეტესად, დანაშაულის დაფარვისთვის. ვფიქრობ, მეზობლების მიერ ხელის დაფარებას შეეწირა ადამიანი,”-განაცხადა ციცი ბაბუნაშვილმა.
გარდაცვლილის კიდევ ერთი მეგობრის, როინი ჭეიშვილის თქმით, მეზობლებს მამაკაცის ხმაც შემოესმათ, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
“როგორც მეზობლებიდან გახდა ცნობილი, გვაქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ჩხუბის დროს კაცის ხმა შემოესმათ, თუმცა ეს ჯერ არ დადასტურებულა და ვფიქრობ, რომ ამ კითხვებსაც გამოძიება გასცემს პასუხს,”- განაცხადა როინი ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 18 ივლისს, ქუთაისში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 45 წლის ქალმა ურთიერთშელაპარაკების დროს მასპინძელს ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. თუმცა, მანამდე ის დახმარებას და შველას რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. პოლიციის ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსთავი 2

