შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეეფარდა

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეეფარდათბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 ივლისს, გაიმართა სხდომა, რომელზედაც შალვა გოგოლაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელეს.

შალვა გოგოლაძეს ბრალად ედება, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის ქალს ბენზინი შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა ის.

აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, გოგოლაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა, გოგონას დაესაჯა.

„კერძოდ, მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა”, – განაცხადა პროკურორმა.

შალვა გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი – მისი 20.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

საბოლოოდ შალვა გოგოლაძეს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

თავად ბრალდებულს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მომხდართან დაკავშირებით, პოზიცია არ დაუფიქსირებია. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ის უკრაინაშია დაბადებული და საქართველოში, საგარეჯოში ცხოვრობს. რაც შეეხება მის საქმიანობას, ის მშენებლობაზე მუშაობდა.

შალვა გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 30 ივნისს მოხდა.

იპნ