შალვა გოგოლაძეს, რომელმაც სამოქალაქო ცოლის დაწვა სცადა, ბრალდება დაუზუსტეს

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შალვა გოგოლაძეს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას.

სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის თებერვალსა და მაისში შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

2020 წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იპნ