შაქარაშვილის  გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა 2-3 დღეში დაიდება

შაქარაშვილის  გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა 2-3 დღეში დაიდებალევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული და ბუნდოვანის გარდაცვალების საქმეზე ლაბორატორიული კვლევები უკვე დასრულებულია და წესით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგები 2-3 დღეში უნდა დაიდოს.

ამის შესახებ “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

„ლაბორატორიული კვლევები უკვე დასრულებულია. ახლა ექსპერტებმა უნდა იმუშაონ და საბოლოო დასკვნა დადონ საქმეზე. 2-3 დღე დასჭირდებათ“, – აცხადებს წყარო.

აღსანიშნავია, რომ საქმის საგამოძიებო პროცესთან და საექსპერტო კვლევებთან დაკავშირებით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან – ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები.

ნიმუშების ანალიზების პასუხი სამხარაულის საექსპერტო ბიუროში უკვე დევს და გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე  ახლა თავად ექსპერტებმა უნდა დადონ საბოლოო დასკვნა, თუ რა მოხდა რეალურად 19 ივნისის ღამეს მცხეთაში – მოკლეს თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლია გიორგი შაქარაშვილი.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.  4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.