“შიშველი სხეულით თამაში პირველად მომიწევს” – ქართველ მსახიობ ოთარ სარალიძეს ეროტიკულ “365 დღეში” იღებენ

"შიშველი სხეულით თამაში პირველად მომიწევს" - ქართველ მსახიობ ოთარ სარალიძეს ეროტიკულ "365 დღეში" იღებენძალიან გახმაურებულ და პოპულარულ ეროტიკულ ფილმში – „365 დღე“ ქართველი მსახიობი თამაშობს.

ოთარ სარალიძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ იქვე თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ფილმებშიც თამაშობდა.

თუმცა, როგორც მსახიობმა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო თეატრში იყო დაკავებული და ასევე, ახმოვანებდა ფილმებს, რაც მისი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. გასულ წელს დაიწყო პროდიუსერობაც. წერს ელექტროლნულ მუსიკას და სურს, რომელიმე მომღერალმა მისი სიმღერები იმღეროს. თავადაც კარგად მღერის, მაგრამ არ უნდა წინა პლანზე ყოფნა. – მინდა, გვერდიდან ვუყურო ყველაფერს და ისე ვაკეთო საქმეო, – გვითხრა მსახიობმა.

შარშან ოთარ სარალიძე გადაიღეს საკმაოდ გახმაურებულ ეროტიკულ ფილმში – „365 დღე“.

-​ გადამღები ჯგუფი იყო პოლონეთიდან, როლზე აქ შემარჩიეს მეც, მაგრამ გადაღებები ძირითადად გვქონდა იტალიაში. ნაწარმოების ავტორი გახლავთ ქალი, ფილმის რეჟისორებიც ქალები იყვნენ და სრულიად განსხვავებული ხედვაა ფილმში. ასე მგონია, რომ ქალები უფრო მოახერხებდნენ, ამ პროექტში ზომიერების დაცვას. ძალიან ვენდობი მათ. ქალები სხვნაირად ხედავენ ყველაფერს – კაცებისგან განსხვავებულად.

როცა ფილმს ვიღებდით, არ მიფიქრია, რომ ის ასეთი პოპულარული გახდებოდა, მაგრამ ეს რომ „ნეთფლიქსზე“ გავიდა, ამერიკაში პირველ ადგილზეა გაქირავებით და ყველა რეიტინგის სათავეშია, მეც თვალებს არ ვუჯერებდი.

მანამდე სხვა ფილმებშიც ვთამაშობდი, შარშან აგვისტოში გამოჩნდა ეს პერსპექტივა, რომ ისეთ დიდ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, როგორიც ფილმი „365 დღეა“. მხოლოდ ერთი სერია გადავიღეთ, მაგრამ ნაწარმოები შედგება სამი ნაწილისგან და გადაწყვეტილია, რომ კიდევ ორი სერია უნდა გადაიღონ, კონტრაქტიც გაფორმებული მაქვს უკვე.

გაზაფხულზე უნდა გადაგვეღო, ისევ იტალიასა და საბერძნეთში, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და შესაძლოა, სექტემბერში ან ოქტომბერში გავაგრძელოთ და მეორე და მესამე ნაწილი ერთად გადავიღოთ.

ჩემი გმირი გახლავთ დომენიკო, რომელიც არის მთავარი გმირის – მასიმო ტორიჩელის თანაშემწე. მასიმო გახლავთ იტალიელი მაფიოზი, რომელიც სანდო ადამიანია და სიტყვის კაცი, ამასთან, არის ძალიან მდიდარი. მე მისი ძმა და მარჯვენა ხელი ვარ, მასზე უფრო კეთილი ბუნების.

მოგეხსენებათ ალბათ, რომ ფილმი ეროტიკული ჟანრისაა. მეორე ნაწილში უფრო მნიშვნელოვანი როლი მექნება და ალბათ ეროტიკული სცენის თამაშიც მომიწევს.

პირველ ნაწილში ჩემი როლი ვითამაშე ძალიან ლაითად, ცოტა სასაცილოდაც და ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი შესრულებული ეროტიკული სცენები სერიოზული იყოს.

ჩემი პერსონაჟი მე შევქმენი ასე მხიარულად. მყავდა პარტნიორი, მაგდალენა ლამბარსკა, რომელთან ერთადაც სავარაუდოდ მომიწევს ეროტიკული სცენების თამაში. მას კარგად ვიცნობ თეატრალური სკოლიდან.

ინტიმურ სცენებში, თუნდაც მხოლოდ კოცნა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის პროფესია ასეთია, მაინც არის უხერხულობისა და დისკომფორტის შეგრძნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან მაგდალენას ვიცნობ, უფრო მარტივი იქნება მასთან ასეთი სცენების თამაში.

ამდენი ხალხი ზის, გიყურებს, გაფასებს, გასწავლიან, – მოდი, ასე გააკეთე, ისე გააკეთე, არ ვარგა, გაიმეორე… ეს ცოტა რთულია.

კოცნის სცენაში ვარ გადაღებული წლების წინ, მაგრამ ეროტიკულ სცენაში, შიშველი სხეულით თამაში პირველად მომიწევს და ძალიან მაინტერესებს.

ფილმს ძალზე განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა. მათ შორის – პროტესტიც. სოციელურ ქსელებში შეიქმნა ფემინისტური მოძრაობის ჯგუფები, სადაც აკრიტიკებდნენ ფილმს იმის გამო, რომ ქალი ცუდი პოზიციიდან იყო ნაჩვენები.

დედაჩემი იყო საქართველოდან პრემიერაზე ჩამოსული და მითხრა, – კარგია, შენ რომ არ თამაშობ ეროტიკულ სცენებშიო.

მეც ვეთანხმები, რადგან არ ვიყავი მაგისთვის მზად ალბათ, მაგრამ როცა ფილმი გამოვიდა და წარმატება მოიპოვა, ახლა არ მაქვს პრეტენზია.

ძალიან მინდა საქართველოში ჩამოსვლა და ქართულ ფილმებში გადაღება. ქართული ფილმი მაინც სულ სხვაა. ლევან თუთბერიძის ფილმში ვითამაშე ერთხელ და დიდი სიამოვნება მივიღე როგორც გადაღების პროცესით, ისე გადამღებ ჯგუფთან ურთიერთობით. ეს ჩემთვის შესანიშნავი თავგადასავალი იყო და დაუვიწყარი შეგრძნება.

ოჯახი საქართველოში მყავს და ძალიან მინდა, მათთან ახლოს ვიყო და თან ფილმებში ვითამაშო. მიყვარს ჩემი სამშობლო და მიხარია, როცა ჩამოვდივარ. ბულაჩაურში აგარაკი მაქვს და იქ ყოფნაზე ვგიჟდები. თუ ჩამოვედი, წამოვწვები ჩრდილში და დავისვენებ. პირველ ივლისს უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ გადაიდო ფრენა და იმედი მაქვს, აგვისტოში მაინც ჩამოვალ. ისე მენატრება ჩემი სოფელი, რომ მესიზმრება კიდეც, ძალინ ხშირად.

პრაიმ ტაიმი