“თეთრმაისურიანი ადამიანი არავის ცემას არ ახორციელებს” – დავით კობალაძე ჩვენების მისაცემად მზადაა

"თეთრმაისურიანი ადამიანი არავის ცემას არ ახორციელებს" - დავით კობალაძე ჩვენების მისაცემად მზადაა“ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის ადვოკატის, ირაკლი გაბრიჭიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა ჩვენების მისაცემად.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში შურისძიების მოტივი არ ყოფილა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზადა ჩვენების მისაცემად, მაგრამ ჯერჯერობით, დღემდე ჩვენების მიცემა ვერ მოხერხდა. ამაზე განვაცხადეთ ჩვენ მაშინ, როდესაც ის გამოცხადდა ნებაყოფლობით პოლიციაში და შემდგომ, როდესაც ბრალის წარდგენა მოხდა. ეს იყო გუშინ, გვიან ღამით.მომხდარის მოტივი არ ვიცი. შურისძიების მოტივზე საერთოდ არ ყოფილა სასამართლოში საუბარი“, – განაცხადა გაბრიჭიძემ.

მისივე თქმით, რომ არა აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესი, სასამართლო გამოიყენებდა არასაპატიმრო ღონისძიებას.

„მინდა გითხრათ, რომ დავით კობალაძის მიმართ, რომ არ ყოფილიყო ამხელა საზოგადოებრივი ინტერესი, სასამართლო ძალიან დიდი ალბათობით გამოიყენებდა არასაპატიმრო ღონისძიებას. შემიძლია , გითხრათ, რომ ვიდეო ჩანაწერში ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა ხდებოდა იქ. იქ მყოფ პირებს, ზოგიერთ მათგანს, უკეთიათ პირბადეები. თუ ის თეთრმაისურიანი პირი, ვისზეც არის საუბარი, რომ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით კობალაძე, ამ პირთან მიმართებით იქ ჩანს ერთადერთი ის, რომ ეს ადამიანი, თეთრმაისურიანი ადამიანი, არავითარ ცემას არ ახორციელებს, უბრალოდ ფიზიკური კონტაქტი აქვთ კონკრეტულ პიროვნებასთან და ცდილობს კონფლიქტის განმუხტვას და განეიტრალებას. მე ასე აღვიქვი ეს და ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამას ნახავს, შეიძლება, სხვანაირად აღიქვას“, – განაცხადა ადვოკატმა.