გიორგი შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” მგზავრების მიმართ ბრალის დამძიმებას ითხოვს.
საქმის მასალების თანახმად კი “ტოიოტა ქამრიში” 6 პირი – ვახო ჩიქოვანი, ვასო მახარაძე, ნიკო რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, არასრულწლოვნები – ა.ქ. და ზ.ს ისხდნენ.
აღსანიშნავია, რომ შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თქვა მხოლოდ ის, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა) უნდა გასამართლდნენ.
მედიამ შაქარაშვილის ბიძის ფურცლებზე სწორედ მათი გვარები დააფიქსირა.
ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, კვალიფიკაციის დამძიმებას არ ელოდებიან მათი ადვოკატები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მათ დანაშაულს დაამტკიცებს.
“სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძმდება. აღნიშნულს არცერთი მტკიცებულება ზურგს არ უმაგრებს”, – ამბობს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.შაქარაშვილები კი ამბობენ, რომ 19 ივნისის ღამეს გიორგის ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მდინარეში ჩააგდეს.
გუშინ გასაჯაროებული ექსპერტიზით მტკიცდება, რომ შაქრაშვილი წყალში ჩაგდების დროს ცოცხალი იყო. ამასთან, მას სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებებიც აღენიშნება.

