ზურაბ ზვიადაურის მამა – “შეიძლება ზურა გიორგი ქისტაურს გადაეყარა და ჩხუბიც იმიტომ მოხდა”

ზურაბ ზვიადაურის მამა - "შეიძლება ზურა გიორგი ქისტაურს გადაეყარა და ჩხუბიც იმიტომ მოხდა"ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტი, შესაძლოა, წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს, ამის შესახებ დაშავებულის მამამ “კურიერს” განუცხადა.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, დაპირისპირება კი მოგვიანებით, ქუჩაში დაიწყო. ზურაბ ზვიადაური ცივი იარაღით მკერდის არეში დაჭრეს. დაჭრილია მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი.

“კურიერთან” საუბარში მამუკა ზვიადაურმა მის ოჯახსა და გიორგი ქისტაურს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა, როდესაც გიორგი ქისტაურმა მათი ოჯახის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

მართალია მამუკა ზვიადაური “კურიერთან” საუბარში ოფიციალურად ვერ ადასტურებს, თუმცა ის არ გამორიცხავს ვერსიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სწორედ გიორგი ქისტაური შეხვდა წუხელ ქუჩაში ზურაბ ზვიადაურს და სწორედ ამას მოჰყვა მათ შორის დაპირისპირება.

“სახლს რომ ესროლა, მაშინ მე აქ ვიყავი. იმ კარებიდან ესროლა პირდაპირ. სავსე იყო ის ოთახი ბავშვებითა და ქალებით. ეს პიროვნებაა ქისტაური. ალბათ შემთხვევით გადააწყდნენ ერთმანეთს, არაფერი მუქარის მსგავსი არ ყოფილა,” – აცხადებს ზურაბ ზვიადაურის მამა მამუკა ზვიადაური.

ადგილობრივების თქმით, წუხელ, გვიან ღამით მათ ესმოდათ ყვირილი და ხმაური. ერთ-ერთი მათგანი იმასაც კი ამბობს, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გარკვევით გაიგონა, თუმცა როგორც ცნობილია, ზურაბ ზვიადაური და მისი მეგობარი ვანო დავითაშვილი ცივი იარაღით არიან დაჭრილები.

ექიმის თქმით, დაჭრილებს პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება ჩაუტარდათ.

“შემოყვანილი იყო 2 პაციენტი, თვითდინებით იყვნენ შემოსულები. გულ-მკერდის წინა კედლის არეში ჭრილობებით, მაგრამ ორივე შემთხვევაში არ იყო არც ერთი ჭრილობა შემავალი. ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ დინამიკაში დაკვირვების ქვეშ და 04:10 საათზე ორივე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შესაბამისი რეკომენდაციებით,” – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა ახმეტაში წუხელ ღამით, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელშიც ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური მეგობრებთან ერთად მონაწილეობდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იყო ზურაბ ზვიადაურთან და მის მეგობრებთან დაპირისპირებული მხარე.