2 წლის ბავშვის ძიძას, ლელა ლაშქარაშვილს, პატიმრობა შეუფარდეს

2 წლის ბავშვის ძიძას, ლელა ლაშქარაშვილს, პატიმრობა შეუფარდესსასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას, ლელა ლაშქარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ადვოკატი 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს. თავად დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროკურორის, ნათია ნოზაძის განცხადებით, თუ სასამართლო 2 წლის ბავშვის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობას არ შეუფარდებდა, არსებობდა საფრთხე, რომ ის მიმალვას და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელშეშლას შეეცდებოდა.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი ღონისძიება – პატიმრობა. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა პატიმრობის სამივე საფუძველი. კერძოდ, ის რომ თავისუფლებაში მყოფი ბრალდებული განაგრძობდა დანაშაულებრივ საქმიანობას, ასევე, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელშეშლას და კიდევ – არსებობდა მიმალვის საფრთხე”, – განაცხადა ნათია ნოზაძემ.

მისივე თქმით, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები დაემატება.

“მტკიცებულებებში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, ასევე, ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია ძალადობის კადრები. ამავდროულად გრძელდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და მოპოვებული იქნება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც შემხებლობაშია ამ საქმეზე”, – განაცხადა ნათია ნოზაძემ.

ადვოკატი ლევან კაკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს.

„წარმოდგენილია მტკიცებულებები, პირადად ქალბატონ ლელაზე ვიდეო ფაილების სახით და მათი წერილობითი მტკიცებულებები, ვისი ინტერესიც არის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყოს პატიმრობაში. დამსაქმებლის და ამჟამად მასთან დასაქმებული პირების – მოწმეების პირადი ინტერესია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრებთ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას”, – განაცხადა ლევან კაკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარს, სავარაუდოდ, ხვალ შეიტანენ.

იპნ