ბაჩანა ლობჟანიძე – “თვითმკვლელობა რომ ვცადო, ამდენი თავდასხმის შემდეგ, რას იფიქრებენ?”

ბაჩანა ლობჟანიძე  - "თვითმკვლელობა რომ ვცადო, ამდენი თავდასხმის შემდეგ, რას იფიქრებენ?"“მეც რომ თვითმკვლელობა ვცადო, რას ფიქრობენ ამდენი თავდასხმის შემდეგ?!… თამარის გარდაცვალების შემდეგ, სიბნელეში ვეღარ დავდივარ, ჯერ შუქს ვანთებ”, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მისი მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ “2020NEWS”-ის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონას დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებები ემოციურ ფონს ცდება, თუმცა ლობჟანიძე განმარტავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან საქმეში შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს ჩართვასთან დაკავშირებით პროტესტი არ უნდა გამოეთქვა.

“უფრო მეტად უნდა დავფიქრებულიყავი, რას მივწერდი ქალბატონ თეონას. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მეტად უნდა მეფიქრა, როდესაც ვთქვი, რომ საქმეში ფედერალური ბიურო  არ უნდა ჩართულიყო. ზოგადად, ეფბიაის და „ეფლის“ კონფლიფქტი აქვთ, თამარის ლეპტოპი სწორედ „ეფლისაა“ და ამიტომაც ვთქვი, ფედერალური ბიუროს  ჩართულობით ვერაფერს გახდებით-თქო. ეს შეიძლება ჩემგან ერთგვარი მობოდიშებაც არის”, – განაცხადა ლობჟანიძემ.

იგი ასევე იმ დღეს იხსენებს, როდესაც ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შესახებ შეიტყო და ამბობს, რომ ამ დროს იგი დეიდასთან, გლდანში  იმყოფებოდა.

“მე დეიდასთან ვიყავი როდესაც თამარის გაუჩინარების ამბავი შევიტყვე. საღამოს 9 საათზე გავიგე ეს ამბავი და ჩემს ტირილზე გაეღვიძა ოჯახის წევრებს. თამარის გარდაცვალების შემდეგ, სიბნელეში ვეღარ დავდივარ.  სახლში როცა მივდივარ შუქს ვანთებინებ, ისე შევდივარ”, – განაცხადა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძე ასევე განმარტავს, რომ მას ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ცუდი დამოკიდებულა არ აქვს და თეონა თამაზაშვილს თავად უთხრა, რომ ადვოკატი მოგზავნილი არაა.

“ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, პირიქით. თამარის დედამ მკითხა ადვოკატზე, მოგზავნილი ხომ არ არისო და მე ვუთხარი, რომ არა მგონია, ის მოგზავნილი იყოს-თქო”, – განაცხადა ლობჟანიძემ.

რაც შეეხება ბაჩალიაშვილის ანგარიშზე არსებულ თანხას, როგორც ლობჟანიძე აცხადებს ამ  75 000 ლარის  შესახებ ინფორმაცია თავად თამარისგან ჰქონდა და ისინი ერთად გეგმავდნენ საერთო შემეცნებითი პროექტის განხორციელებას და ამ საქმეში საერთო თანხების ჩადებას.

“რამდენიმე სამსახურში მუშაობდა და ამ თანხის შეგროვებას შეძლებდა თამარი”, – ამბობს ლობჟანიძე.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, მიუვალ ადგილას 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის პასუხი.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები?

ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

ამავდროულად, ბაჩალიაშვილების ოჯახი სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობს ყველას, ვისაც გარდაცვლილი პგროგრამისტის საქმეზე სერიოზული ინფორმაცია აქვს.

ოჯახმა დღეს, საქართველოს პროკურატურასთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ღიად დააფიქსირა, რომ გამოძიებას არ ენდობა. ჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელს ხელს აფარებს.