“ბაჩანა ციცქიშვილს მამის ან ძმის დაჭერით დაემუქრნენ” – ადვოკატის განცხადება

"ბაჩანა ციცქიშვილს მამის ან ძმის დაჭერით დაემუქრნენ" - ადვოკატის განცხადება“ლონდონის ბაღში” მომხდარ სისხლიანი გარჩევის საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო.   ბრალდებულის, ბაჩანა ციცქიშვილის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სისხლიან ინციდენტში არ მონაწილეობდა, თუმცა პოლიციელების ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ საქმე საკუთარ თავზე აიღო.

“მან ეს დანაშაული იმიტომ აიღო თავის თავზე, რომ პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა მასზე ფსიქოლოგიური. ანუ რაში მდგომარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა – დაემუქრნენ, როგორც თვითონ იძახის, მამის ან ძმის დაკავებით. ამის მერე სასამართლოში, როდესაც განუცხადა სასამართლოს, სასამართლოს პირდაპირი პრეროგატივაა, რომ გადაუგზავნოს ინსპექტორის სამსახურს”, – თქვა ცოტნე ჭკადუამ.

მას არ აქვს იმედი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმეს ჯეროვნად გამოიძიებს.

ინციდენტი 3 აგვისტოს, ლონდონის ბაღში მოხდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდები – საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა მეგობრები არიან. ისინი დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით,  კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ორივე დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს. საქმეში ბრალდებულ ბაჩანა ციცქიშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.