დღეს გაიმართა სასამართლო, რომელმაც ბუსა ჟვანიასთვის აღმკვეთი ღონისძიების დაწესების შესახებ იმსჯელა.
საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა ლევან თოფაძეს სავარაუდოდ, დანის რამდენიმე დარტყმით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა.
სახელმწიფო ბრალდებამ ბესარიონ ჟვანიას მიმართ პატიმრობის გამოყენება ითხოვა.
„2 აგვისტოს, გამთენიისას, ბესარიონ ჟვანიამ ლევან თოფაძეს დანის რამდენჯერმე დარტყმით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა. სახეზეა აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები”, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე განმარტებით, ბესარიონ ჟვანიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ჟვანია არ მიუთითებს გარემოებების შესახებ.
პროკურორის თქმით, ბესარიონ ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დროს შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულიდან მალევე კი, ჟვანია თოფაძის საცხოვრებელ სახლში მივიდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.
ბუსა ჟვანიას ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 50.000-ლარიანი გირაო მოითხოვა.
ჭკადუას განცხადებითვე, ბესარიონ ჟვანიას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, რასთან დაკავშირებითაც, პროკურატურას საკუთარ შუამდგომლობაში არ უსაუბრია.
ჭკადუას განცხადებით, ბესარიონ ჟვანიამ კლინიკას სხვა სახელი და გვარი იმის გამო უთხრა, რომ დედამისს არ ენერვიულა.
საბოლოოდ ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.
სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულს სიტყვით არ უსარგებლია. მოსამართლის კითხვაზე, არის თუ არა დასაქმებული და სად, უპასუხა, რომ „ეროვნულ ბანკში სპეციალისტად მუშაობს“.
იპნ

