“კუკიაზე ჩხუბი ამტყდარა, გასაშველებლად გია საფაროვი გამოსულა და მოუკლავთ”

"კუკიაზე ჩხუბი ამტყდარა, გასაშველებლად გია საფაროვი გამოსულა და მოუკლავთ"27 წლის გია საფაროვი საკუთარ სახლთან ახლოს დანით მოკლეს. დაპირისპირება, რომელიც კუკიაზე მცხოვრებლებსა და  უბანში მისულ მამაკაცებს შორის, ქეიფის შემდეგ დაიწყო, გამშველებელი შეიწირა.

ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ახალგაზარდა მამაკაცი ხმაურზე სახლიდან გამოვიდა და დაპირისპირებულების გაშველებას შეეცადა, როდესაც ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.

ინცინდენტი პოლიციის სიახლოვეს მოხდა, თუმცა ხმაურზე ძალოვანების მხრიდან დროული რეაგირება არ ყოფილა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას დაგვიანებით, მას შემდეგ მივიდნენ, რაც მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს და დაპირისპირებაში მონაწილე პირები მიიმალნენ.

ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობდა, დაპირისპირების მიზეზი უცნობია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კუკიის სასაფლაოზე ქუჩური გარჩევებს მიჩვეულები არიან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის განყოფილება იქვეა, სამართალდამცველები დროულად და ეფექტურად ვერ რეაგირებენ. რატომ ხდება ასე, კითხვებზე პოლიციაში ტრადიციული პასუხი აქვთ.

თვითმხილველები “მთავარს” უყვებიან, რომ შემთხვევის ადგილას სასწრაფო მალევე გამოიძახეს, თუმცა ვიდრე გადაუდებელი დახმარების ბრიგადა მოვიდოდა, მამაკაცის გადაყვანა მეზობლებმა საკუთარი მანქანით  გადაწყვიტეს. სასწრაფო მათ გზაში შეხვდათ, მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

კუკიაზე მოკლული 27 წლის გია საფაროვის საქმეზე სამართალდამცველებმა დღის ბოლოს ორი პირი დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობდა, პოლიციას ამ დრომდე სხვა ბრალდებულები არ ჰყავს.

მთავარი